ახალი ამბები

239 ადამიანთან ერთად გაუჩინარებულ თვითმფრინავს მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ

9 მარტი, 2014 •
239 ადამიანთან ერთად გაუჩინარებულ თვითმფრინავს მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ

რეის MH370-ის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია. Boeing-777-200-ის ბორტზე ეკიპაჟის 12 წევრი და 227 მგზავრი იმყოფებოდა, სულ 239 ადამიანი. თვითმფრინავი რადარებიდან შაბათს, გამთენიისას გაუჩინარდა. თვითმფრინავში მყოფთა უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქე იყო, ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ უკრაინის, რუსეთის, მალაიზიის და აშშ-ის მოქალაქეები. მგზავრებს შორის 5 წლამდე ასაკის 5 ბავშვი იმყოფებოდა.

 

როცა მალაიზიის ავიახაზებმა ბორტზე მყოფი მგზავრების სია გამოაქვეყნა, აღმოჩნდა, რომ იტალიის 1 და ავსტრიის 1 მოქალაქე სინამდვილეში თვითმფრინავში არ იმყოფებოდნენ, უბრალოდ, მათი პასპორტები გასულ წელს ტაილანდში დაიკარგა, ხოლო ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა სწორედ ამ პასპორტებით შეაღწიეს თვითმფრინავში. უკვე დადგენილია, რომ ამ პირებმა ბილეთები ერთად შეიძინეს, ისინი პეკინიდან ერთად აპირებდნენ გამგზავრებას ამსტერდამში ავიაკომპანია KLM-ის რეისით. აღნიშნულმა ფაქტმა გააძლიერა ეჭვები, რომ შესაძლოა თვითმფრინავის გატაცება ტერორიზმთან იყოს კავშირში, თუმცა ეს ამ დრომდე ვარაუდად რჩება. ინტერპოლმა უკვე მკაცრად გააკრიტიკა მალაიზიის ხელისუფლება, რადგან მალაიზიელმა მესაზღვრეებმა რეის MH370-ის მგზავრების პასპორტები არ შეამოწმეს ინტერპოლის დაკარგული პასპორტების ბაზაში. აღნიშნულ ბაზაში ორივე დაკარგული პასპორტი იყო რეგისტრირებული.

 

სპეციალისტების განცხადებით, თვითმფრინავი გაუჩინარების მომენტში ყველაზე უსაფრთხო რეჟიმით მიფრინავდა და წესით, ის ავტოპილოტის მიერ იმართებოდა. სტატისტიკურად, თვითმფრინავის გაუმართაობის დროს ავიაკატასტროფის რისკი ყველაზე მაღალი აფრენისა და დაშვების დროსაა.

 

Boeing-777-200 გაუჩინარების მომენტში მაქსიმალურ სიმაღლეზე იმყოფებოდა. გარდა ამისა, პილოტებს არანაირი განგაშის სიგნალი არ გაუგზავნიათ და არც რაიმე პრობლემის შესახებ უცნობებიათ რეისების მართვის ცენტრისთვის.

 

მალაიზიის ავიახაზებმა მგზავრთა ახლობლები გააფრთხილა, რომ მზად იყვნენ “ყველაზე უარესი შედეგისთვის”. იმის გამო, რომ თვითმფრინავი ვიეტნამის საჰაერო სივრცეში გაუჩინარდა, ძებნის ოპერაციაში აქტიურადაა ჩართული ვიეტნამის მხარე. რამდენიმე საათის წინ მათ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, იმ ტერიტორიაზე, სადაც თვითმფრინავი მიფირნავდა, საწვავის კვალი აღმოაჩინეს, ასევე აღმოაჩინეს  სხვადასხვა სახის ნარჩენები, თუმცა საბოლოოდ დადგინდა, რომ ის გაუჩინარებულ თვითმფრინავს არ ეკუთვნოდა.

 

ამ შემთხვევიდან რამდენიმე საათში ვიეტნამის სამაშველო თვითმფრინავიდან ზღვაში კვლავ შენიშნეს უცნობი საგნები, თუმცა სიბნელის გამო ვერ ადასტურებენ, არის თუ არა ეს ჩამოვარდნილი თითმფრინავის ნაწილები. აღნიშნული ადგილისკენ უკვე მიემართებიან სამაშველო გემები.

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამგზავრო თვითმფრინავი რადარებიდან მოულოდნელად გაუჩინარდა ისე, რომ პილოტებმა განგაშის სიგნალის გაგზავნაც ვერ მოასწრეს. 2009 წლის 1 ივნისს Air France-ის Airbus 330 რადარებიდან ატლანტიკის ოკეანის თავზე გაუჩინარდა. ის რიო დე ჟანეიროდან პარიზისკენ მიფრინავდა, ბორტზე ეკიპაჟის 12 წევრი და 216 მგზავრი იმყოფებოდა. თვითმფრინავის ნაწილები მხოლოდ რამდენიმე თვეში, შავი ყუთები კი 2 წლის შემდეგ იპოვეს. დადგინდა, რომ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს პილოტებმა თავი ვერ გაართვეს და თვითმფრინავი მათი შეცდომის გამო ჩამოვარდა.

 

 

იმ შემთხვევაში, თუ მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდნილია და ყველა მგზავრი – დაღუპული, ეს იქნება ყველაზე სისხლიანი ავიაკატასტროფა 2001 წლის ნოემბერში ნიუ-იორკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ.

 

American airline-ის თვითმფრინავის ნიუ-იორკის მიდამოებში ჩამოვარდნას მაშინ ბორტზე მყოფი 260 ადამიანი ემსხვერპლა, ასევე დაიღუპა ჩამოვარდნის ადგილას მიწაზე  მყოფი 5 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი