აქციის მონაწილეების მოთხოვნა ID ბარათის ფლობის ნებაყოფლობითობას უკავშირდება. როგორც ზაზა ნანობაშვილი აცხადებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერილი და მისივე თქმით, 100 000 ხელმოწერა შეტანილია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, იუსტიციის მინისტრისა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე.
დღეს შეკრებილებს ID ბარათით სარგებლობა ორი მიზეზით არ სურს. ერთი მხრივ, ისინი აცხადებენ, რომ ბარათზე მათ შესახებ ყველანაირი ინფორმაცია იქნება დატანილი და მას კონტროლის მექანიზმად გამოიყენებ, მეორე მხრივ, ხაზს უსვამენ ბარათზე “მხეცის ნიშნის” არსებობის შესახებ.
ID ბარათების ალტერნატივის მოთხოვნით აქცია პირველად 2013 წლის 20 აპრილს იუსტიციის სამინისტროსთან გაიმართა, 20 აპრილსვე იუსტიციის სამინისტროს Youtube-ის ოფიციალურ არხზე აიტვირთა ვიდეო, რომელიც თითქმის 6 წუთს გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში მაყურებელს უხსნიან, რას წარმოადგენს ID ბარათი და რა უპირატესობა აქვს მას.
“პირადობის ახალი მოწმობა, ე.წ. აიდი ბარათი, საქართველოს მოქალაქის დოკუმენტია და პირის ვინაობას ადასტურებს. მასზე დატანილია სახელი, გვარი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, სქესი, პირადი ნომერი, ფოტო, ბარათის გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა და ხელმოწერა. ეს ინფორმაციები, რასაც თვალით ვხედავთ – და მეტი არაფერი სხვა – ინახება ე.წ. ჩიპზეც, რომელიც პირადობის მოწმობის მახსოვრობის ბარათია და იცავს მას გაყალბებისგან.
ცრუა მოსაზრება იმის შესახებ, რომ აიდი ბარათი ანტიქრისტეს ბეჭედია, ან რომ მასზე არის მხეცის ნიშანი. ეს რომ ასე არაა, ამას წმინდა სინოდის გასული წლის დადგენილებაც ადასტურებს. მართლაც, სამოქალაქო რეესტრმა იკისრა და შეასრულა ვალდებულება, რომ არც ერთ გაცემულ აიდი ბარათზე მიწყობილად სამი ექვსიანი არსად ფიგურირებს და არც მომავალში იქნება”– ნათქვამია ვიდეოში.
იუსტიციის სამინისტრომ ID ბარათების გაცემა საქართველოში 2011 წლის 1 აგვისტოს დაიწყო, რის შემდეგაც, სამინისტროს მონაცემით, ბარათი ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ აიღო. ID ბარათების შემოღებას დღემდე ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებლების ნაწილი, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა ამ თემაზე 2012 წლის ივნისში განცხადება გაავრცელა და მრევლს უთხრა, რომ ამ ბარათით სარგებლობა შეუძლიათ.
“სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათების ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია. თუმცა, ვინაიდან ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეთხოვა საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებული იყოს ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები,”- განაცხადა საპატრიარქომ.
ID ბარათებთან დაკავშირებით კონსესუსი არ არის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორისაც. “აუცილებელი არ არის რა?სად?როდის?–ში დაგისვათ შეკითხვა ადამიანმა, რომ მიხვდეთ, რა ზის ID ბარათში, ID ბარათში არაფერი არ ზის”, – ასე მიმართა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში უმრავლესობის წევრს გედევან ფოფხაძეს, რომელმაც უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა ID ბარათების თაობაზე და წუხილი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ კოალიციის წევრებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ ელექტრონულ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით.
წულუკიანის თქმითვე, იუსტიციის სამინისტრომ ელექტრონულ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ე.წ. ID ბარათები მისაღებია. თეა წულუკიანმა 28 თებერვალს განაცხადა, რომ მთავრობაში ალტერნატიული პირადობის მოწმობების საკითხი არ განიხილება.

















