ახალი ამბები

ღურტას მცხოვრები: არჩილ ხაბაძეც იქ იყო და უყურებდა, როგორც გვცემდნენ

8 მარტი, 2014 •
ღურტას მცხოვრები: არჩილ ხაბაძეც იქ იყო და უყურებდა, როგორც გვცემდნენ

 „იმ ტერიტორიაზე, სადაც კაშხლების მშენებლობაა დაგეგმილი, მოსახლეობა არ ვუშვებდით მძიმე ტექნიკას. პოლიციამ ძალა გამოიყენა ჩვენს მიმართ – მე, მაგალითად, დაზარალებული ვარ, ცემის გამო მტკივა წელი და ფეხი. 


აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძეც იქ იყო და უყურებდა, როგორც გვცემდნენ. ვინც გვცემდა იმ ხალხს პოლიციის ფორმა ეცვა“. მაგული კახაძე ხალხის შეკრების მიზეზს განმარტავს: „ჩვენ იმიტომ ვიყავით შეკრებილები, რომ არ ვუშვებდით ტექნიკას.

 

ამ წუთებშიც აქ ვდგავართ და დილამდე ვიქნებით აქ. მთავრობის თავჯდომარესთან შეხვედრას არ დავსწრებივართ. შეხვდა რამდენიმე ადამიანი და გვითხრეს, რომ არ შედგა მოლაპარაკება. სადაც კაშხალი უნდა აშენდეს იქ შეიყვანეს ერთი ტექნიკა, ჩვენ არ ვუშვებდით და ამიტომ იყო ასეთი ამბავი.

 

სასწრაფო დახმარება ჩვენ არ გამოგვიძახებია, სასწრაფო მათ მოიყვანეს, ალბათ იცოდნენ, რომ დაგვაშავებდნენ. არ დამინახია რომ სასწრაფო დახმარება ვინმეს დასჭირვებოდეს. დაახლოებით 100-200 კაცი ვართ ახლა შეკრებილები. ჩვენ არ გვინდა აქ ჰესები და კაშხლების მშენებლობა, რადგან სოფელი მეწყერსაშიშ ზონაშია“.

 

არჩილ ხაბაძის პრესცენტრის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კატეგორიულად უარყოფს ამ ინფორმაციას:

 

„მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. კორიდორი გააკეთა პოლიციამ და მოსახლეობას სთხოვდა გზის გათავისუფლებას. პოლიცია მოქმედებდა კანონის და ინსტრუქციის ფარგლებში. ძალის გადამეტების ფაქტი არ დაფიქსირებულა“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი