ახალი ამბები

სახელმწიფო როგორც მედიატორი – ახალი შრომის კოდექსის გამოცდა კაზრეთში

7 მარტი, 2014 • • 1344
სახელმწიფო როგორც მედიატორი – ახალი შრომის კოდექსის გამოცდა კაზრეთში

თუმცა თამაზ დოლაბერიძე, რომელიც ამ კომისიაში პროფკავშირების წარმომადგენელია, ამბობს, რომ ამ კომისიაში დამსაქმებლების წარმომადგენლების ვინაობა უცნობია. მისი თქმით, მარტის შუა რიცხვებისთვის მათი ვინაობა ცნობილი გახდება.

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია არის 18 წევრიანი ორგანო, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს. იგი დაკომპლექტებულია მთავრობის, პროფკავშირებისა და დამსაქმებლების ექვს-ექვსი წევრისგან.

დავის გადასაჭრელად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მედიატორის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მის ვინაობას ორშაბათამდე არ ასაჯაროვებს.

“ვინც დაინიშნება ცნობილია, მაგრამ წინასწარ რატომ ვთქვა? ჩავა და ერთმა მხარემ ან მეორე მხარემ რატომ უნდა იცოდეს? დაიწერება ბრძანება დღეს, ჩავა ორშაბათს და ვინც იქნება, ის იქნება”,- განაცხადა პაატა ჟორჟოლიანმა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.

რატომ არ დანიშნა აქამდე მედიატორი მთავრობამ და რას შეცვლის ახლა მედიატორის დანიშვნა? როგორ შეიძლება მოგვარდეს დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის წამოჭრილი პრობლემა ახალი შრომის კოდექსის პირობებში?

 

ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრის იურისტ ლინა ღვინიანიძის აზრით, საქართველოს მთავრობა ვერ ასრულებდა კანონს, რადგან მას აქამდე უნდა დაენიშნა მედიატორი.

ლინა ღვინიანიძის განმარტებით, სამინისტროს უნდა ჰქონდეს მედიატორების რეესტრი, რომელიც კრიზისული სიტუაციების მოგვარებისას დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლის როლს იკისრებს. ღვინიანიძის თქმით, მედიატორი უნდა იყოს პროფესიონალი, რომელსაც არ ექნება ინტერესთა კონფლიქტი.

შრომის კოდექსის მიხედვით, მედიატორს კოლექტიური დავების დროს მინისტრი ნიშნავს მაშინ, როცა გაფიცულები მას წერილობით მიმართავენ, თუმცა იგივე კანონი მინისტრს უფლებას აძლევს მედიატორი მხარეთა მიმართვის გარეშე დანიშნოს, თუ კოლექტიური დავა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი გახდა.

 

გუშინ, 6 მარტს, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ მან  შეარჩია მედიატორი, რომელიც ორშაბათს, 10 მარტს კაზრეთში ჩავა.

 

კაზრეთელი მუშები 14 თებერვლიდან იფიცებიან RMG-ის საწარმოს წინ. საგაფიცვო კომიტეტი RMG-ის საწარმოში 2013 წლის ნომებრიდან შეიქმნა და ამ პერიოდიდან აწარმოებდა კომპანიის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებას, რათა მისი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა.

თამაზ დოლაბერიძის, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის განცხადებით, კოლექტიური შრომითი დავა საწარმოში რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

 

გაფიცულები ამბობენ, რომ კომპანიის ადმინისტრაციასთან 23 იანვარს შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ კომპანია მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებდა და ამის შემდეგ მათ გაფიცვის შესახებ 24 იანვარს შეატყობინეს. ხოლო 14 თებერვალს მათ გაფიცვა დაიწყეს.

 

დღეს RMG ამბობს, რომ  მას მოთხოვნების ნაწილის დაკმაყოფილება შეუძლია. ხოლო ხელფასების ზრდასა და 2014 წლის ინავრის ბოლოს დათხოვნილი 180 თანაშრომლიდან მხოლოდ 40-ის აღდგენა შეუძლია.

 

ჩვენს კითხვაზე, რატომ არ დანიშნა სამინისტრომ მედიატორი აქამდე და არა გაფიცვის 22-ე დღეს, როცა დაბა კაზრეთის ეკონომიკური მდგომარეობა გამწვავდა, ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე პაატა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ სამინისტრო აქამდე აცდიდა ორივე მხარეს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ.

 

“ყველა ქვეყანაში ასეა, რომ ერთმანეთთან უნდა ილაპარაკოს ორმა მხარემ. დიალოგის რეჟიმი ორივე მხარეს უნდა აცალო და ამის მერე ინიშნება მედიატორი”,- ამბობს ჟორჟოლიანი.

შრომის კოდექსში კი მედიატორის დანიშვნის შესახებ ასეთი დათქმა არ არსებობს. ერთადერთი 21 დღიანი ვადა უკავშირდება გაფიცვის უფლებას: მას შემდეგ, რაც მოდავე მხარე გაფიცვას გადაწყვეტს და საწარმოს ადმინისტრაციასა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩააყენებენ საქმის კურსში, განაცხადის დარეგისტრირებიდან 21 დღის შემდეგ ისინი გაფიცვის უფლებას იღებენ.

ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ მოვლენების განვითარების სამი ვარიანტი არსებობს, თუ გაფიცულები და დამსაქმებლები ვერ შეთანხმედებიან, შესაძლოა დაინიშნოს საარბიტრაჟო სასამართლო, რაც გულისხმობს იმას, რომ დავა ადგილზე გადაწყდეს, ან გაფიცულები სასამართლოს მიმართავენ.

 

ლინა ღვინიანიძის განმარტებით, მდგომარეობას ართულებს ის, რომ კომპანიის შემოსავალი კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგნეს და მას აქვს უფლება არ გაასაჯაროვოს აღნიშნული ინფორმაცია, ხოლო გაფიცულების მოთხოვნას უპასუხოს, რომ მას ეკონომიკური კრიზისი აქვს, თუმცა ეს მართლაც ასეა თუ არა, უცნობი დარჩება.

იურისტის თქმით, მედიატორის საშუალებით სახელმწიფოს ექნება შესაძლებლობა, რომ კომპანიას მოსთხოვოს დაასაბუთოს საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობა. მხოლოდ იმ ინფორმაციაზე დაყრდობით, რაც საჯაროდ ხელმისაწვდომია, შეუძლებელია გაგება, თუ როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა საწარმოში.

 

RMG-ის მუშების პროფკავშირის ხელმძღვანელმა ჯონი რთველაძემ გვითხრა, რომ 27 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კაზრეთში იყო ჩასული. მან გაფიცულების მოთხოვნები მოისმინა და საწარმოს ადმინისტრაციას შეხვდა. ჯონი რთველაძე ამბობს, რომ საწარმოდან გამოსულმა ჟორჟოლიანმა კონკრეტული პასუხი არ გამოიტანა, მხოლოდ თქვა, რომ დაპირისპირება უნდა გადაწყდეს.

 

“ჩვენს მოთხოვნებზე კონკრეტული პასუხი არ ყოფილა. საწარმოს მხრიდან არავითარი გამოხმაურება არ ყოფილა, პირიქით- მიდის ზეწოლა, რომ ხალხი დაშინებით შეიყვანონ და ამუშაონ”,- აცხადებს ჯონი რთველაძე.

 

ჯონი რთველაძე ამბობს, რომ ჟორჟოლიანი მედიაციის პროცესში იყო ჩართული, თუმცა იგი სამინისტროს მედიატორად არ დაუნიშნავს. ჯონი რთველაძე ამბობს, რომ იანვრის ხელფასი 27 თებერვალს აიღეს იმ მოტივით, რომ საწარმოში კრიზისია.

მასალების გადაბეჭდვის წესი