დღეს, 23 აგვისტოს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს. აქციაზე სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ლექტორებიც იმყოფებოდნენ. სამინისტროსთან გააპროტესტეს 20 აგვისტოს ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც IBSU-ს 1 წლით სტუდენტების მიღება აეკრძალა. ისინი მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ და საბჭოს 27 ავისტომდე აძლევენ ვადას.


ფოტო/ ნეტგაზეთი
ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 წლით შეუზღუდა ახალი სტუდენტების მიღება, რის მიზეზადაც სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანება სახელდება. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) ადასტურებენ სახელმწიფოსთან მიმდინარე დავის შესახებ ინფორმაციას. IBSU-ს ინფორმაციით, 2013 წელს უნივერსიტეტს საგადასახადო ჯარიმა 700 ათასი ლარის ოდენობით დაეკისრა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უნივერსიტეტს დავალიანება დაუწესდა კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისაგან თავის არიდების გამო.
IBSU – ში აცხადებენ, რომ ჯარიმის საკითხზე სასამართლოში დავა მიმდინარეობს და დავის განმავლობაში უნივერსიტეტის სასარგებლოდ ორჯერ მოხდა თანხის შემცირება.