ახალი ამბები

140 000 დოლარის ყაჩაღურად გამტაცებლებს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

23 აგვისტო, 2018 • 2602
140 000 დოლარის ყაჩაღურად გამტაცებლებს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 9–9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსჯა იმ პირებს, რომლებმაც 140 000 დოლარი და ძვირადღირებული ნივთები ყაჩაღურად გაიტაცეს.

პროკურატურის მტკიცებით, 2017 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ჰ.ა-მ, რ.ა-მ და მათმა თანმხლებმა სამმა პირმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ საქასრიის ტერიტორიაზე, ფერადი ციმციმებისა და ხმამაღლა მოლაპარაკის გამოყენებით, ყაჩაღური თავდასხმის განზრახვით შეაჩერეს ბათუმის მიმართულებით მიმავალი “ბე-ემ-ვე – X5” მოდელის ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ ა.მ. და მისი ბიძა – ნ.მ.

გამოძიების ცნობით, ჰ.ა-მ და რ.ა-მ, თანამზრახველებთან ერთად, პისტოლეტისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნების დემონსტრირებით, ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.მ. ჩასვეს “ტოიოტა – ლენდკრუიზერ პრადოს” მოდელის ავტომანქანის უკანა სალონში იატაკზე, ხოლო ნ.მ. გადასვეს “ბე-ემ-ვე-X5” მოდელის ავტომანქანის უკანა სავარძელზე, რის შემდეგაც ორივე ავტომანქანით, ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაზარალებულები მიიყვანეს რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, მაგისტრალის მარჯვენა მხარეს მდებარე ჩიხში.

ბრალდების მტკიცებით, ჰ.ა., რ.ა. და მათი თანამზრახველები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ა.მ-ს ხელჩანთაში მოთავსებულ 70 000 აშშ დოლარს, ნ.მ-ს ზურგჩანთას და მასში მოთავსებულ 70 000 აშშ დოლარს, ამ უკანასკნელთა კუთვნილ ძვირადღირებულ მობილურ ტელეფონებს, ა.მ-სკუთვნილ 700 ლარს, 200 აშშ დოლარს, 40 თურქულ ლირას, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს და პირად ნივთებს.

პრკურატურის ინფორმაციით, დამნაშავეები მიიმალნენ, თუმცა 2017 წლის 2 დეკემბერს თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგანში ჰ.ა. და რ.ა. დააკავეს და ყაჩაღური გზით გატაცებული თანხა სამართალდამცველებმა ამოიღეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ  ჰ.ა. და რ.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ 9 – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ ისინი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტების, ასევე, ერთ-ერთი ბრალდებული რ.ა. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნო დამნაშავედ.

მასალების გადაბეჭდვის წესი