ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

«PROAbkhazia» – აფხაზების ახალი სტრატეგია მსოფლიოსთვის აფხაზეთის გასაცნობად

23 აგვისტო, 2018 • 6836
«PROAbkhazia» – აფხაზების ახალი სტრატეგია მსოფლიოსთვის აფხაზეთის გასაცნობად

“მოვიდა დრო, როდესაც აფხაზეთმა საკუთარ თავზე უნდა ილაპარაკოს. ჩვენ მზად ვართ მსოფლიოსთვის გავიხსნათ და ვაჩვენოთ, რომ ერი ვართ, რომელიც საერთაშორისო მრავალფეროვნების ერთიან პალიტრაში ეწერება და კაცობრიობის ისტორიაში საკუთარ თვალსაჩინო ნიშას იკავებს”.

რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში აფხაზეთის აღიარების 10 წლისთავზე, რომელიც სოხუმში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება, სოხუმის დრამატულ თეატრში ახალი სტრატეგია/პროექტი «PROAbkhazia» წარმოადგინეს.

პროექტის ინიციატორი, როგორც პრეზენტაციაზე განაცხადეს, არაფორმალური საზოგადოებრივი მოძრაობაა.

რაც შეეხება სტრატეგიის მიზანს, ის “აფხაზეთის შესახებ მსოფლიოში სანდო და ობიექტური ინფორმაციის გავრცელება, აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის, ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაა”.

“ჩვენი თანამემამულეები მსოფლიოს სხვადსხვა წერტილში ცხოვრობენ, ჩვენ ცოტანი ვართ, მაგრამ თუ გავერთიანდებით, გამოვალთ ამ ჩრდილიდან, უფლება გვაქვს საკუთარ თავზე ვილაპარაკოთ: რას წარმოადგენს აფხაზეთი სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის სტერეოტიპების გარეშე, რა იციან ჩვენი კულტურის შესახებ, იმაზე, თუ როგორები ვართ. მივიტანოთ მსოფლიომდე ინფორმაცია, რომ მსოფლიო რუკაზე არსებობს ქვეყნა, რომელსაც უნდა იცნობდნენ. ქვეყანა, რომელსაც სათქმელი აქვს”, – ნათქვამია პროექტის შესახებ ვიდეორგოლში.

აფხაზური მხარე ხშირად საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო და მსოფლიო საზოგადოება აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციას ახორციელებს და ამით აფხაზეთის მოქალაქეებს მსოფლიო სიკეთეებთან წვდომას უზღუდავს.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი