ახალი ამბები

თბილისის მთავარი საფიქრალია, თურქეთი რუსეთისკენ არ გადაიხაროს – ამერიკელი ანალიტიკოსი

22 აგვისტო, 2018 • 3915
თბილისის მთავარი საფიქრალია, თურქეთი რუსეთისკენ არ გადაიხაროს – ამერიკელი ანალიტიკოსი

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი ლიზელ ჰინცი მიიჩნევს, რომ აშშ-სა და თურქეთს შორის კრიზისი იდეალური დროა იმისათვის, რომ საქართველომ ყურადღება მიიქციოს და მისი ხმა და ძალა ყველას დაანახოს:

“საქართველოსთვის, ვფიქრობ, ყველაზე დიდი საფიქრალი დღეს ის არის, რომ თურქეთი რუსეთისკენ ბოლომდე არ გადაიხაროს. [თურქეთის] დასავლეთთან დაპირისპირება, ვფიქრობ, დროებითია და ის არ უკავშირდება ნატოს მოკავშირეებთან ღირებულებებში განსხვავებებს. თურქეთი ცდილობს ალიანსს დაანახოს, რომ დამოუკიდებელი მოთამაშეა, რომელიც არ არის იმით შეზღუდული, თუ რა სურს მისგან დასავლეთს. თურქეთს ნატოში დარჩენა სურს და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შავი ზღვაა. თურქეთი ისტორიულად დიდი სიფრთხილით აკვირდება შავ ზღვაში რუსეთის გაძლიერებას და ახლ ,ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით.

საქართველო ფრთხილად უნდა დააკვირდეს თურქეთის მოქმედებებს, მაგრამ არ მგონია, ეს სამუდამო ცვლილება იყოს. რუსეთს და თურქეთს არაერთი შეუთავსებელი უთანხმოება აქვთ – მათ შორისაა, მთიანი ყარაბაღიც, სადაც რუსეთი სომხეთს უმაგრებს მხარს, თურქეთი კი, აზერბაიჯანს”,- ამბობს პროფესორი ამერიკის ხმასთან საუბრისას.

პროფესორის შეფასებითვე, აშშ-სა და თურქეთს შორის დღეს არსებული დაძაბულობა უპრეცედენტოა, მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის კრიზისი აქამდეც ყოფილა.

 “მიმდინარე კრიზისი, სინამდვილეში, ამერიკელი მღვდლის დაკავებას პირდაპირ არ უკავშირდება. მთავარი, ჩემი აზრით, სწორედ ეს-400-ების [S-400 ტიპის სარაკეტო სისტემა] თემაა, რომლის ყიდვასაც თურქეთი რუსეთისგან გეგმავს. ეს იარაღი ნატოს სისტემასთან შეუთავსებელია და რუსეთს სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების საშუალებას მისცემს განსაკუთრებით იმ შემთხვეაში, თუ თურქეთში უახლესი ამერიკული გამანადგურებელი ეფ-35 [F-35] ტიპის თვითმფრინავები იქნება განლაგებული”,- ამბობს ჰინცი.

პროფესორის შეფასებით, კრიზისიდან გამოსასვლელად ორივე ლიდერმა ღრმად უნდა ჩაისუნთქოს. ამერიკის მთავრობამ კი ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პრეზიდენტ ტრამპს დაანახოს, რომ მისი საქციელით მდგომარეობას მხოლოდ ართულებს.

“ტრამპის „ტვიტების“ შედეგად ინვესტორები ფრთხებიან, რაც ლირაზე პირდაპირ მოქმედებს”,- ამბობს ჰინცი.

სრულად ინტერვიუს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი