“რადგან 8 მარტის დაარსება, პირველ რიგში, ქალთა შრომითი უფლებების დაცვას უკავშირდება (1857 წლის 8 მარტს ნიუ–იორკში მუშა ქალები გაიფიცნენ აუტანელი სამუშაო პირობებისა და ძალზე მწირი ხელფასის გამო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია). მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა, ქალთა დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად ქალთა უფლებების დაცვის სფეროში.
დროა საზოგადოებამ აღიაროს, რომ ქალისთვის მისი სქესი ხდება დისკრიმინაციის მიზეზი სამსახურში აყვანისას, როდესაც ქალის ორსულობა ან მისი ოჯახური სტატუსი ხდება სამსახურზე უარის თქმის მიზეზი; პრობლემას წარმოადგენს: თანაბარი ანაზღაურება თანაბარი ღირებულების შრომისათვის; ე.წ. ,,შუშის ჭერის“ არსებობა, რომელიც უხილავი ბარიერია და ხელს უშლის ქალის თანამდებობრივ დაწინაურებას; სექსუალური სახის ზეწოლა და შევიწროვება სამსახურში, რომელიც ძალიან გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს ქალებისთვის; ოჯახში შრომის დანაწილების პრაქტიკის არარსებობა ქალებისთვის ორმაგი და სამმაგი ტვირთის პრობლმას ქმნის, რაც ქალების რეალური ემანსიპაციის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია.
დროა ვაღიაროთ და დავაფასოთ ქალები, როგორც ადამიანები და არა მხოლოდ როგორც დედები, ცოლები და შვილები. ქალებს უნდა ჰქონდეთ რეალური შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჰქონდეთ თანასწორი და ადეკვატური ანაზღაურება, სრული თავისუფლება, რათა დამოუკიდებლად წარმართონ პირადი თუ საზოგადოებრივი ცხოვრება პატრიარქალური წნეხის გარეშე.
ჩვენ, ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრები და ამ აქციის მონაწილეები მოგიწოდებთ გავერთიანდეთ ქალთა შრომითი უფლებების დასაცავად. დღეს, როდესაც ქალთა ემანსიპაცია მხოლოდ ფურცელზე არსებობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებმა მოვითხოვოთ საკუთარი უფლებების განხორციელება რეალურ ცხოვრებაში. ჩვენ ამ აქცია-მსვლელობით განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ იმ მშრომელი ქალების უფლებებზე, რომლებიც ვთლით, რომ დღეს ყველაზე დაუცველები არიან: მიგრანტი ქალები, მარტოხელა დედები, გარემოვაჭრეები, განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვების დედები, ლბტ (ლესბოსელი, ბისექსუალი ქალები და ტრანსგენდერი ადამიანები), სექს-მუშაკი ქალები.
ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრები სოლიდარობას ვუცხადებთ გაფიცულ მუშებს და ამ აქციაზეც გამოვხატავთ მათ მხარდაჭერას.
შემოგვიერთდი, თუ იბრძვი რეალური თანასწორობისათვის!
(პ.ს. აქცია იქნება ფერადი და ხმაურიანი! ამიტომ გთხოვთ, რომ აქციაზე ფერადი ტანსაცმლით და წითელი პომადებით შემოგვიერთდეთ),”- წერია განცხადებაში, რომელსაც ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი ავრცელებს.