დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის სტუდენტების მიღებაზე ერთწლიან აკრძალვასთან დაკავშირებით არაკვალიფიციურია.
“ან შეგნებულად გაკეთებული მავნებლობაა, ან ძალიან არაკვალიფიციური მიდგომაა. ფორმალურ საკითხებზე გამოდევნება, როდესაც უკვე ჩატარებულია გამოცდები და ადამიანებმა ჩააბარეს, და უარის თქმა სტუდენტების მიღებაზე, ძალიან არასწორი მიდგომაა. მით უმეტეს, რომ უნივერსიტეტი გადახდისუუნარო არ არის, არამედ სადავო საქმეა და სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა. არაა ისე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს და უნივერსიტეტი მაინც არ იხდიდეს ჯარიმას, მაშინ კიდევ გასაგები იქნებოდა. ყველა ასეთი შემთხვევა კომპლექსურად უნდა განიხილოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის საბჭომ. თუ რამე სამართლებრივი კაზუსია, სამართლებრივად უნდა მოაგვარო ისე, რომ არ დაზარალდნენ ადამიანები და არ დაზარალდეს უნივერსიტეტი, არ დაზარალდნენ აბიტურიენტები, რომლებმაც ჩააბარეს. ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ იქამდე, სანამ ჩატარდებოდა გამოცდები”, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 წლით შეუზღუდა ახალი სტუდენტების მიღება, რის მიზეზადაც სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანება სახელდება. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) ადასტურებენ სახელმწიფოსთან მიმდინარე დავის შესახებ ინფორმაციას. IBSU-ს ინფორმაციით, 2013 წელს უნივერსიტეტს საგადასახადო ჯარიმა 700 ათასი ლარის ოდენობით დაეკისრა. უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ჯარიმის საკითხზე ამ ეტაპზე სასამართლოში დავა მიმდინარეობს.
უნივერსიტეტი თავის განცხადებაში მიმართავს არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებას, მხარი დაუჭურონ IBSU-ს ამ ბრძოლაში.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მიიღოს შესაბამისი ზომები, “რათა არ შეილახოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია, დემოკრატიული ღირებულებები, სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლება და დაიცვას საგანამანათლებლო სივრცე არაჯანსაღი გავლენებისგან.