ახალი ამბები

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში მოძრაობის თეატრი გერმანიაში წარმოდგენას გამართავს

21 აგვისტო, 2018 • 2833
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში მოძრაობის თეატრი გერმანიაში წარმოდგენას გამართავს

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, River Bank Festival-ზე მოძრაობის თეატრი საქართველოს სახელით წარდგება და სპექტაკლს „ჩუმად, რეპეტიციაა!“ ითამაშებს.

სპექტაკლის გარდა,  თეატრის დასი  კარნავალსაც წარადგენს  და მილიონობით სტუმარს ქართულ კულტურას გააცნობს ღია ცისქვეშ  მოწყობილ სპეციალურ საფესტივალო სივრცეში. ფესტივალი,  რომელსაც ყოველწლიურად 3 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს, 24-26 აგვისტოს გაიმართება.

მოძრაობის თეატრის რეჟისორი იოსებ ბაკურაძე აღნიშნავს, რომ  „ჩუმად, რეპეტიციაა!“  ქართულ ნოველებზე აგებული სპექტაკლია და სპეციალურად შეირჩა ფრანკფურტისთვის, რადგან კულტურის სამინისტროს მოთხოვნა იყო,  პროგრამა ქართული დრამატურგიით შერჩეულიყო.

„ერთ-ერთი  ნოველა არის ფიროსმანზე,  ასევე წარმოდგენილია  ვაჟა-ფშაველას “სტუმარ-მასპინძელი”  და გამოყენებულია ქართველი კომპოზიტორების კომპოზიციები, მათ შორის დავით ოძელაშვლის მუსიკა. განსაკუთრებულად ვემზადებით. ვფიქრობ,  საქართველოს სახელით ხარისხიანად, საკმაოდ მაღალ დონეზე  წარვადგენთ  ჩვენს თეატრს“, – აღნიშნავს იოსებ ბაკურაძე

ქართული თეატრალური ხელოვნების გარდა,  ფრანკფურტში მაყურებელი გაეცნობა ქართული კულტურის სხვა მიმართულებებსაც.  ფესტივალში  მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები.  წარმოდგენილი იქნება ქართული ფოლკლორული ხელოვნება, ასევე, მოეწყობა ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა.

2018 წელს საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანაა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. მთელი წლის მანძილზე  სხვადასხვა კულტურული და ლიტერატურული ღონისძიება იმართება, River Bank Festival კი მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

ფრანკფურტის კულტურის პროგრამა – ქეთი მელუა, რობერტ სტურუა, სუხიშვილები და სხვა შემსრულებლები

მასალების გადაბეჭდვის წესი