ახალი ამბები

პრეზიდენტი და NGO-ები ვერ შეთანხმდნენ

20 აგვისტო, 2018 • 2636
პრეზიდენტი და NGO-ები ვერ შეთანხმდნენ

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის გამო გამართული ფინალური კონსულტაცია შეთანხმების გარეშე დასრულდა. პრეზიდენტი და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები ვერ შეთანხმდნენ კანდიდატის შერჩევის ფორმაზე.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტოვებს უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს, რომელიც დაახლოებით 7 წელი კიდევ უნდა დაეკავებინა.

ნინო გვენეტაძეც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დაასახელა და შემდეგ პარლამენტმა დაამტკიცა. გიორგი მარგველაშვილს კვლავ აქვს შანსი, მისი პრეზიდენტობის ვადაში დაასახელოს სასამართლოს ხელმძღვანელის კანდიდატი და პარლამენტს წარუდგინოს. ეს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონულტაციები სისტემატურად იმართება, თუმცა დღეს, 20 აგვისტოს გამართული შეხვედრა იმითაც იყო გამორჩეული, რომ მას უშუალოდ ესწრებოდა გიორგი მარგველაშვილი. პრეზიდენტმა შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და შემდეგ მედიისთვის დახურა:

“დღეს ვართ განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმისთვის, რომ გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა სასამართლოს განვითარების და რეფორმირების თვალსაზრისით. სასამართლოს თავმჯდომარე არის ამის უმნიშვნელოვანესი ფიგურანტი. შეგკრიბეთ, რათა ჩვენ ერთობლივად ჩამოვყალიბდეთ კანდიდატურაზე, რომელსაც დავასახელებთ და წარვუდგენთ პარლამენტს. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მიზანია, რომ ჩამოვყალიბდეთ ერთ კანდიდატზე, რომელიც იქნება მაღალი კვალიფიკაციის, მორალის, ზნეობის და შემძლეობის, რომ განახორციელოს რეფორმა”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ შეთანხმება ვერ შედგა. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს კანდიდატები, ხოლო კანდიდატების შეფასებას მიაწვდიან პრეზიდენტის ადმინისტრაციას. იდეას იმასთან დაკავშირებით, რომ თავად შესთავაზონ პრეზიდენტს სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები, არასამთავრობო სექტორი არ ეთანხმება:

“ჩვენ ვერ დავასახელებთ კონკრეტულ კანდიდატურას, ეს არის კონკრეტულად პრეზიდენტის პასუხისმგებლობა,მან უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ ადამიანზე, რომელსაც წარადგენს. პრეზიდენტისთვის უარი არავის უთქვამს შერჩეული კანდიდატების შეფასებაზე. არც დრო არის იმისთვის, რომ გრძელვადიანი პროცესი შევქმნათ”, – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი სოფო ვერძეული ამბობს, რომ პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს მისი შესაძლებლობა, დაასახელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, იმის მიუხედავად, რომ არასამთავრობო სექტორი არ არის თანახმა, რომ კანდიდატის არჩევა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ფორმატით მოხდეს:

“ჩვენ დავსვით ეს შეკითხვა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს ფორმატი არ იმუშავებს, და ნათლად არ ითქვა, რა იქნება მისი გადაწყვეტილება და ის მაინც დაასახელებს თუ არა კანდიდატს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დაასახელებს”,- ამბობს ვერძეული.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, კანდიდატის შესარჩევი კომისია რომც შეიქმნას, დარჩენილი დროის განმავლობაში რეალისტური არაა ისეთი კონსენსუსის მიღწევა, რომელსაც ყველა ადამიანი გაიზიარებს.

“ძალიან ცალსახად წერია კონსტიტუციაში, რომ პრეზიდენტი წარადგენს კანდიდატს, არ არის რეალისტური, რომ ისეთ კონსენსუსს მივაღწიოთ და სამუშაო ჩავატაროთ, რომელიც სწორ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანს და ყველას შეგვათანხმებს ამ თემაზე. აქ არ არის მხოლოდ არასამთავრობო სექტორზე საუბარი, ასევე საუბარია სხვადასხვა პროფესიულ გაერთაინებებზე, რაც თავისთავად ძალიან ჭრელი შემადგენლობაა”, – ამბობს სალაძე.

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი არ დაასახელებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, 28 ოქტომბრიდან, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში. ახალი კონსტიტუციის თანახმად, სასამართლოს ხელმძღვანელის შერჩევის პროცესში პრეზიდენტი აღარ მონაწილეობს. მას იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი