ახალი ამბები

შსს–ს მომსახურების სააგენტოში ახალი სანომრე ნიშნების პრეზენტაცია შედგა

5 მარტი, 2014 • • 1582
შსს–ს მომსახურების სააგენტოში ახალი სანომრე ნიშნების პრეზენტაცია შედგა

ახალი სანომრე ნიშნის მარცხენა ზედა კუთხეში საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო მარჯვენა ქვედა კუთხეში ქვეყნის საიდენტიფიკაციო კოდი (GE) იქნება გამოსახული. შეიცვლება ციფრებისა და ლათინური სიმბოლოების წყობაც: მარჯვნივ და მარცხნივ განთავსებულ წყვილ ლათინურ სიმბოლოებს შორის იქნება განლაგებული სამი ციფრი. სანომრე ნიშნის დაცულობის მიზნით, ახალ სანომრე ნიშნებს ექნება ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა – სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. ასევე გამოყენებული იქნება ევროსტანდარდების შესაბამისი სხვა დამცავი მექანიზმები.

განახლებული დიზაინის სანომრე ნიშნების დამზადება-შესყიდვის მიზნით მომსახურების სააგენტო საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებს.


 

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ძველი სანომრე ნიშნების ახლით შეცვლა სავალდებულო არ იქნება. ყველა ძველი სანომრე ნიშნის მოქმედების ვადა კი 2030 წლამდე განისაზღვრა.


“საქართველოს ავტოპარკის მოთხოვნების გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და იაპონიიდან იმპორტირებული ავტომობილებისთვის მომხმარებელს საშუალება ექნება, აიღოს და ავტომობილზე განათავსოს შესაბამისი ზომის კვადრატული სანომრე ნიშნები. ცვლილებები შეეხება მისაბმელ სატრანსპორტო საშუალებებსაც. სანომრე ნიშნების ამოწურვის მიზეზით, ნომერში დაემატება ერთი სიმბოლო და შეიცვლება მათი დიზაინიც”, – ნათქვამია შსს–ს მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.

სხვადასხვა ტიპის სანომრე ნიშნების არსებული ფასი ახალ სანომრე ნიშნებზეც გავრცელდება. შსს-ს მომსახურების სააგენტო მათ, ვისაც ფასიანი სანომრე ნიშნები აქვთ აღებული, ძველი ნომრების იგივე ფასიან ახალ სანომრე ნიშანში გადაცვლას დამატებითი გადასახადების გარეშე სთავაზობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი