ახალი ამბები

ბაჩო ახალაიას ადვოკატს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს

5 მარტი, 2014 • • 897
ბაჩო ახალაიას ადვოკატს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს

“საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, ასევე, პოლიტიკური დევნისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე, თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს გიორგი ონიანს კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა.  

 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის 17 ოქტომბერს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო,  გიორგი ონიანის მიერ კიდევ ერთი პირის დევნა განხორციელდა და ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უკანონოდ იქნა დაკავებული კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ლევან მდინარაძე (საზოგადოებისთვის ცნობილი ზედმეტსახელით დიჯეი რემბო).

 

გ. ონიანის ბრძანებით დაკავებული გადაყვანილი იქნა გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ისე, რომ მას ჩხრეკა არ ჩატარებია. 

 

ლევან მდინარაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის ხელოვნურად შექმნისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, გიორგი ონიანმა საქმის გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და დაავალა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში აესახა ამ ნარკოტიკული საშუალების ლევან მდინარაძისაგან ამოღების ფაქტი, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, საუბრისას გიორგი ონიანმა უკანონოდ დაკავებულ ლევან მდინარაძეს განუცხადა, რომ იგი ისჯებოდა „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების გავრცელების გამო.  ლევან მდინარაძის მიმართ უკანონოდ განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დევნა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  11 წლამდე ვადით. 

 

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის გიორგი ონიანს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის„ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვა წლამდე ვადით.

 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გიორგი ონიანისთვის ეს უკვე მეორე ბრალდებაა. პირველ  შემთხვევაში მან პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის, ზემოხსენებულ ფაქტამდე 2 დღით ადრე, შპს „დაო-პრინტის“ მენეჯერი დავით შათირიშვილი იდენტური სცენარით უკანონოდ დააკავა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულ იქნა გიორგი ონიანი, რომელსაც 2014 წლის 26 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო 20 000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

მთავარი პროკურატურის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში, სადაც პროკურატურა კვლავ მოითხოვს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი