ახალი ამბები

სასამართლო სარჩელი გივი თარგამაძისა და ირმა ნადირაშვილის წინააღმდეგ

5 მარტი, 2014 • • 1133
სასამართლო სარჩელი გივი თარგამაძისა და ირმა ნადირაშვილის წინააღმდეგ

იოსებ ქადაგიშვილის ადვოკატის მერაბ ჭიკაიძის განცხადებით, მოსარჩელე იოსებ ქადაგიშვილი მოპასუხე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების, გივი თარგამაძისა და ირმა ნადირაშვილისაგან, სასამართლოს გზით  მოითხოვს “მათ მიერ გავრცელებული ყალბი და არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაციის საჯარო წესით უარყოფას.”


ქადაგიშვილი, ასევე, მორალური ზიანის კომპენსაციის მიზნით თითოეული მათგანისაგან სიმბოლურად 1 ლარის გადახდას ითხოვს.

 

”დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც დაავალდებულებს გივი თარგამაძესა და ირმა ნადირაშვილს  იმავე საშუალებებითა და მეთოდებით (ბრიფინგის მოწყობა და მედიაში გაშუქება) უარყონ ცილიმწამებლური განცხადებები იმის შესახებ, რომ თითქოს იოსებ ქადაგიშვილი დანაშაულებრივი კლანის წევრია და ის თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით უკანონოდ ანიჭებდა უპირატესობას კონკრეტულ კერძო კომპანიას” – განაცხადა ქადაგიშვილის ადვოკატმა.

 

საქმე შეეხება 5 თებრვალს ირმა ნადირაშვილისა და გივი თარგამაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოადგილე იოსებ ქადაგიშვილი არის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ბიძაშვილი. გარდა ამისა, მათ გამოაქვეყნეს სქემა, სადაც პრემიერის ოჯახის საგზაო ტენდერებში კორუფციული ინტერესები იკვეთება. ბრალდებებს მაშინ იოსებ ქადაგიშვილი გამოეხმაურა.

 

”სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ნათესაური კავშირი თამაზ თამაზაშვილთან [ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი] და მის ოჯახთან არ გამაჩნია, რისი გადამოწმებაც “ნაციონალურ მოძრაობას” არ გაუჭირდებოდა. მათი განცხადება არის სიცრუე და ცილისწამება, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დედა დედისერთაა და ვერავისი მამიდაშვილი ვერ ვიქნები. მე უკვე ვესაუბრე ჩემს ადვოკატს, რომელიც სარჩელს ამზადებს და “ნაციონალური მოძრაობის” ავანტიურას და თავგასულობას სასამართლო გამოაშკარავებს,” – განაცხადა იოსებ ქადაგიშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი