ახალი ამბები

“ერისიონმა” მოსკოვში, კრემლის სასახლეში დაგეგმილი კონცერტი შესაძლოა აღარ ჩაატაროს

4 მარტი, 2014 • • 2253
“ერისიონმა” მოსკოვში, კრემლის სასახლეში დაგეგმილი კონცერტი შესაძლოა აღარ ჩაატაროს

‘იყო დაგეგმილი და აღარ არის, ახლა ყოველ შემთხვევაში ასეა. [აფიშა] თუ არ მოხსნეს არ ვიცი, მაგას აკეთებს საპროდიუსერო კომპანია, რომელმაც უკეთესად იცის ამბავი. დღეს მეტს ვერაფერს გეტყვით”,  – აცხადებს ჯემალ ჭკუასელი და დასძენს, რომ შესაბამისი წერილი უკვე გაგზავნილია და მისი აზრით, კონცერტი არ ჩატარდება. ჭკუასელი ამბობს, რომ დეტალებზე დღეს ვერ ისაუბრებს.

 

მოსკოვში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით ინტერნეტით მოქალაქეების პეტიციაც გავრცელდა, რომლებიც “ერისიონისთვის” სახელმწიფო ანსამბლის სტატუსის და დაფინასნების მოხსნას ითხოვენ:

 

“16 აპრილს კრემლში დაგეგმილია ერისიონის კონცერტი, ბილეთები უკვე იყიდება. (http://www.erisioni.ru/)

გვსურს მოვუწოდოთ საქართველოს პარლამენტს და კულტურის სამინისტროს, მოუხსნათ ანსამბლ ერისიონს სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი და შეუწყვიტოთ დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რადგან ჩვენთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის არის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი, ჩვენი გადახდილი გადასახადებით შევსებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები ხმარდებოდეს ერისიონის კრემლში გასტროლებს.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში საოკუპაციო ძალების ქმედებების შედეგად, დე ფაქტო საზღვრის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე წვდომისა და სასმელ-სარწყავი წყლის გარეშე აღმოჩნდა. აღნიშნული ქმედებით რუსეთის ხელისუფლება ცდილობს კონფლიქტის ზონასთან ახლოს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროებას და საკუთარი სოფლებიდან განდევნას, ავლებს მავთულხლართებს და აგრძელებს საქართველოს ანექსიას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ გაუმართლებელია ჩვენი ქვეყნის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ერისიონი პუტინს და მის გარემოცვას ართობდეს კრემლში, და ამაში საქართველოს მოქალაქეები ვიხდიდეთ ფულს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან.

იმედს ვიტოვებთ, გაიზიარებთ ჩვენს პოზიციას და შემოუერთდებით პეტიციას, რომელიც გაეგზავნება კულტურის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს”, – ნათქვამია ზემოხსენებულ პეტიციაში, რომლის ხელმომწერებიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს მიმართავენ.

 

ზემოხსენებული ინტერნეტ–აფიშის მიხედვით, კონცერტი მოსკოვში 16 აპრილს, 19:00 საათზე უნდა გაიმართოს “რუსეთში ქართველთა კავშირის” მხარდაჭერით. ერისიონმა რუსეთში კონცერტები გასულ წელსაც გამართა, რასაც საქართველოში საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი