სოციალური ქსელების რეაქცია ავსტრიელი მინისტრის ქორწილში პუტინის მიწვევის გამო

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ კარინ კნაისლის ქორწილში პუტინის ცეკვამ არამხოლოდ ავსტრიელი პოლიტიკოსების, არამედ სოციალური ქსელების მომხმარებლების პროტესტი გამოიწვია.

კარინ კნაისლის ქორწილი 18 აგვისტოს გაიმართა ავსტრიის სამხრეთ ქალაქ გამლიცში. ავსტრიელი ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის მთავარი მოწინააღმდეგე პოლიტიკოსის მიწვევა ქორწილში ზიანს მიაყენებს ავსტრიის საგარეო პოლიტიკას.

სოციალურ ქსელში გაჩნდა დამუშავებული ფოტოები, თუ როგორ ცეკვავენ პუტინი და კნაისლი ომის მსხვერპლი მოზარდების, აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოგდებული თვითმფინავის, იქ დახოცილი ჯარისკაცების ან დაბომბილი სირიული ქალაქების ფონზე.

მთავარი საკითხი, რაზეც ავსტრიელი ოპოზიციონერები მიუთითებდნენ, ის არის, რომ ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა პუტინის პოზიციის გამო სირიაში მიმდინარე კონფლიქტის, აღმოასვლეთ უკრაინისა და ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით. ასევე, გაერთიანებულ სამეფოში მომხდარი მოწამვლების, აშშ-ის არჩევნებში მანიპულაციებისა და ბრექსითში სავარაუდო ჩარევის გამო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com