ახალი ამბები

გიორგი ბაქრაძე ამბობს, რომ GPB-ის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

4 მარტი, 2014 • • 1128
გიორგი ბაქრაძე ამბობს, რომ GPB-ის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

“2013 წლის 4 მარტს თანამდებობიდან განთავისუფლებულ იქნა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი და მისი მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გენერალური დირექტორის მოადგილე რესურსების დარგში გიორგი ბაქრაძე. 2014 წლის 4 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე აღდგენილი  გიორგი ბარათაშვილი კონტრაქტის ვადის გასვლის მიზეზით თანამდებობიდან ათავისუფლებს საკუთარ პოზიციაზე დაბრუნებულ გენერალური დირექტორის მოადგილეს რესურსების დარგში ბ-ნ გიორგი ბაქრაძეს. აღნიშნული საკადრო ცვლილება მეტად ამძაფრებს მაუწყებელში შექმნილ ისედაც არასტაბილურ ვითარებას. გენერალური დირექტორის მოადგილეს რესურსების დარგში ბ-ნ გიორგი ბაქრაძეს სურს ოფიციალური განცხადების გაკეთება საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ბაქრაძე ავრცელებს.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესსამსახურის წარმომადგენელმა თინათინ ბერძენიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ იგი გიორგი ბაქრაძის საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის და მაუწყებელი განმარტებას მოგვიანებით გააკეთებს, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის. ხოლო ბაქრაძის თანაშემწემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ეს უკანსკნელი დამატებით კომენტარს დღეს არ გააკეთებს და ყველაფერს ხვალინდელ პრესკონფერენციაზე იტყვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი