ახალი ამბები

საქართველოს ივნისში ევროკომისიის პრეზიდენტი ეწვევა

4 მარტი, 2014 • • 950
საქართველოს ივნისში ევროკომისიის პრეზიდენტი ეწვევა

ამასთან, შტეფან ფულემ ჟოზე მანუელ ბაროზოს სახელით ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს მთავრობის წევრები ბრიუსელში, ორმხრივ შეხვედრაზე მიიწვია, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროკომისრები ყოველწლიურად, როგორც წესი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მართავენ.

 

ევროკომისრის თქმით, ამგვარი შეხვედრების ძირითადი მიზანი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და პარტნიორობის გაძლიერებაა. შტეფან ფულე საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე პერიოდში მხარდაჭერას დაჰპირდა.

 

„ევროკავშირი მყარად დაუდგება საქართველოს გვერდით, თუ იგი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება. იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიპყრობილია ყირიმში მიმდინარე მოვლენებისადმი. აღსანიშნავია, რომ რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის გამოწვევის შექმნას, ევროკავშირი განაგრძობს არაღიარების პოლიტიკას და მხარს უჭერს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას“, – განაცხადა შტეფან ფულემ.   

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შტეფან ფულეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ევროკომისრისგან მნიშვნელოვანი გზავნილები მოისმინა.

 

„ევროკავშირის მტკიცე მარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისადმი გრძელდება. ჩვენ ვისაუბრეთ ასოცირების ხელშეკრულებასა და ვიზის ლიბერალიზაციის საკითხებზე და აღვნიშნეთ, რომ რამდენიმე თვეში საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობებში შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად მზად იქნება. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და რეგიონის წინაშე არსებული საფრთხეების გათვალისწინებით საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციის აუცილებლობაზე ვისაუბრეთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ერთობლივ ბრიფინგამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროკომისარს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად შტეფან ფულეს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი