საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს განმარტებით, ჯილდო გადაეცემა იმ ქალებს, რომელთაც გამოიჩინეს განსაკუთრებული გამბედაობა, ძალა და პირველობა ადამიანის უფლებების დაცვის, სოციალური სამართლიანობისა და ქალთა თანასწორობის დაცვისთვის.
დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში გაიმართება, უმასპინძლებს ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი მიშელ ობამა. რუსუდან გოცირიძე დაჯილდოების შემდეგ ამერიკის სხვადასხვა ქალაქში დაესწრება შეხვედრებსა და დისკუსიებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და ფილანტროპებთან ერთად.
“ეპისკოპოს გოცირიძის დაჯილდოება აღიარებს მის დამსახურებას ტოლერანტობის, თანაბარი შესაძლებლობისა და თანასწორობის განმტკიცებისთვის ხელშეწყობაში”, – ნათქვამია შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.
ამერიკის საელჩოები ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით არჩევს ქალებს, რომლებიც იბრძვიან დისკრიმინაციის წინააღმდეგ და უკეთესი საზოგადოების მშენებლობისთვის. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქე გახდა აღნიშნული ჯილდოს მფლობელი.
შეერთებული შტატების საელჩო მიიჩნევს, რომ რუსუდან გოცირიძის დაჯილდოება ცხადჰყოფს, რომ ამერიკა და საქართველო ერთად იბრძვიან შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის წინააღმდეგ.
ჯილდო 2007 წელს დაწესდა და დღემდე 76 ქალი დაჯილდოვდა 49 სხვადასხვა სახელმწიფოდან. წლევანდელი ლაურეატები ასევე არიან ავღანეთიდან, ფიჯიდან, გვატემალადან, ზიმბაბვედან, უკრაინიდან, ტაჯიკეთიდან, საუდის არაბეთიდან, მალიდან და ინდოეთიდან.