ახალი ამბები

გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, აფრიკის სანაპიროებთან გაუჩინარდა

17 აგვისტო, 2018 • 24595
გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, აფრიკის სანაპიროებთან გაუჩინარდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი Pantelena, რომელზეც საქართველოს 17 მოქალაქე იმყოფება, 14 აგვისტოს შემდეგ გაუჩინარებულია. კონტაქტი გემთან ბოლოს დაფიქსირდა აფრიკის სანაპიროზე, გვინეის ყურეში.

“გემთმფლობელი ბერძნული კომპანია Lotus Shipping აწარმოებს მოძიების სამუშაოებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს გემთმფლობელ კომპანიასთან ვითარების გარკვევის მიზნით. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ პანამის დროშის ორგანიზაციასთან. საქმეში ჩართულია როგორც რეგიონის საზღვაო სამხედრო ძალები, ასევე, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ცენტრი UKMTO”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც დღეს, 17 აგვისტოს, გავრცელდა.

დამსაქმებელ კომპანიაში, რომელმაც ქართველი მეზღვაურები ბერძნული კომპანიის გემზე დაასაქმა, ვარაუდობენ, რომ ტანკერი მეკობრეებმა ხელში ჩაიგდეს, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ. გათიშულია ყველა ის საკომუნიკაციო სისტემა, რომლითაც გემს უკავშირდებოდნენ. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა “კურიერს” განუცხადა.

გემების ონლაინ სანავიგაციო სისტემა Marine Traffic-ის მონაცემებით, ტანკერი გაბონში ოვენდოს პორტიდან ამავე ქვეყნის მეორე, ლიბერვილის პორტისკენ მიემართებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი