ახალი ამბები

შსს-მ ყალბი დიპლომების დამზადების ბრალდებით ორი პირი დააკავა

4 მარტი, 2014 •
შსს-მ ყალბი დიპლომების დამზადების ბრალდებით ორი პირი დააკავა

დააკავებულებს ბრალად ედებათ სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომის ძველი თარიღით დამზადება, რაშიც ისინი 4 000 ლარს იღებდნენ. შსს-ს ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მე-2 კურსზე ჩარიცხვის სანაცვლოდ მოქალაქეებს 5 000 აშშ დოლარს ართმევდნენ.

 

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები დიპლომებს თბილისში, კომპიუტერული მომსახურების ერთ-ერთ კომპანიაში ამზადებინებდნენ, ხოლო დიპლომში დეკანის და რექტორის ხელმოწერას დავით ჩ. აყალბებდა.

 

შსს-ს ინფორმაციით, მერაბ ი-ს ბინის ჩხრეკისას, დიპლომის დასამზადებლად მოქალაქისგან აღებული 2500 ლარი, ხოლო დავით ჩ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა მოქალაქის სახელზე დამზადებული 56 ცალი დიპლომი ამოიღეს.

 

გამოძიების ინფორმაციით, დავით ჩ. 2010 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ყალბი დიპლომების დამზადების ფაქტზე იყო გასამართლებული. შსს აცხადებს, რომ ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, შეძენის და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი