ახალი ამბები

ფულე: პატრიარქს დავარწმუნებთ, რომ ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგი არ ვართ

4 მარტი, 2014 • • 5360
ფულე: პატრიარქს დავარწმუნებთ, რომ ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგი არ ვართ

“ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვედი. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მექნება მთელი რიგი შეხვედრები – პრეზიდენტთან, მთავრობასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო სექტორთან და მექნება ასევე პატივი შევხვდე მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს. მე დავარწმუნებ მას ევროკავშირის სახელით, რომ ჩვენ არავითარი განზრახვა საქართველოს ტრადიციული ღირებულების წინააღმდეგ არ გაგვაჩნია, რადგან იმას, რასაც მხარს ვუჭერთ, გახლავთ საერთაშორისოდ აღიარებული ღირებულებები, ეს არის ტოლერანტობა, ღირსება და პატივისცემა”, – განაცხადა შტეფან ფულემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.


ფულე აცხადებს, რომ დღეს გამართული შეხვედრების მთავარი გზავნილი ერთი იქნება:


“ყველა შეხვედრისას არის ერთი მთავარი გზავნილი, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. იმ დროს, როცა საერთაშორისო საზოგადოება აკვირდება იმ შეშფოთების ზრდას, რომელიც დაკავშირებულია ყირიმის მოვლენებთან. მოდით, არ დავივიწყოთ, რომ რუსეთის მოქმედება აქ, საქართველოში, ასევე შეშფოთების საგანი გახლავთ. საქართველოს ტიეროტირული მთლიანობა და სუვერენიტეტი კვლავ გამოწვევის საგანი ხდება რუსეთის მხრიდან, რაც გულისხმობს სამხედრო დანიშნულების კონსტრუქციების აღმართვას, რომელიც ხელს უშლის ადამიანთა თავისუფალ მოძრაობას და მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ყურადღება დასავლეთში მიმდინარე მოვლენებისკენ არის მიმართული. რუსეთმა აქაც, საქართველოში, პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართალს და პატივი სცეს მისი მეზობლის, საქართველოს სუვერენიტეტს”, – განაცხადა ფულემ.


მისივე თქმით, ევროკავშირს უკვე აკავშირებს საქართველოსთან მნიშვნელოვანი ურთიერთობები და ეს ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა მიმდინარე წელს:


“ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ასევე, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოს და ევროკავშირის ხალხს კიდევ უფრო დააახლოებს ერთმანეთთან. მე დღეს აქ ვარ, რათა ხაზი გავუსვა უდიდეს მნიშვნელობას, რომელსაც ასოციაციის წევრები ანიჭებენ ხელშეკრულების ხელმოწერას. მე ვისაუბრებ იმ სარგებელზე, რასაც მოქალაქეები მიიღებენ უფრო ფართოდ, მაგრამ, მოდით, მოკლედ გავუსვამ ხაზს რამდენიმე მომენტს: ასოცირების შესახებ ხელშეკრულება ერთ დღეში საოცრებებს ვერ მოგვცემს, თუმცა იგი გზას უკვალავს ქვეყნის მოდერნიზაციას, საქართველოს საზოგადოებისა და საქართველოს ეკონომიკის განახლებას. სახელმწიფოსა და მოქალაქეებისთვის იგი გააძლიერებს კანონის უზენაესობას და მოახდენს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციას, უზრუნველყოფს ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების უფრო მაღალ გარანტიებს. ასევე, რაც შეეხება ეკონომიკას და ბიზნესს, ეს მოიზიდავს ინვესტიციებს, ბიძგს მისცემს სამუშაო ადგილების ზრდას, მშპ გაიზრდება, გაიზრდება ხელფასის რაოდენობაც. გაუმჯობესდება ცხოვრების ხარისხი”, – განაცხადა ფულემ.

 

შტეფან ფულე
შტეფან ფულე

მასალების გადაბეჭდვის წესი