მედიისთვის დახურულ შეხვედრის შემდეგ, კონფერენციის “საქართველო და რუსეთი: ურთიერთობის პერსპექტივები – 2014” მონაწილეებმა მედიასთან საუბარში განაცხადეს, რომ დიდი მოლოდინი, მსგავსი შეხვედრებით, არ გააჩნიათ, თუმცა, ინფორმაციის გაცვლა, მაინც აუცილებლად მიაჩნიათ.
ამასთან, კონფერენციის რუს მონაწილეთა განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ხელს უშლით მხარეებს კონცენტრირდნენ უშუალოდ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე.
ორ დღიანი კონფერენციის ორგანიზატორები არიან ქართულ–რუსული საზოგადოებრივი ცენტრი, გორჩაკოვის ფონდი და რუსეთის ფედერაციის საბჭო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით.
შეხვედრა, რომელიც ჟურნალისტებისთვის დახურულია, დღეს, 3 მარტს, 10 საათზე დაიწყო და ხვალ დასრულდება.
შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობენ პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, მისი მრჩეველი გიორგი ქაჯაია, ასევე, ზაზა აბაშიძე, რომელიც შეხვედრის ერთ–ერთი ორგანიზატორის, რუსულ–ქართული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელია და ამავდროულად საქართველო საპატრიარქოს საენციკლოპედიო ცენტრსაც ხელმძღვანელობს, ბეჟან ხურციძე საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, თორნიკე შარაშენიძე, ივლიანე ხაინდრავა, სერგი კაპანაძე საქართველოს რეფორმების ასოციაციის თავმჯდომარე, სოსო ცისკარიშვილი, თენგიზ ფხალაძე, რევაზ გაჩეჩილაძე პროფესორი.
რუსული მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობენ ექსპერტები და პოლიტოლოგები, მათ შორის, ფეოდორ ლუკიანოვი, გორჩაკოვის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ლეონიდ დრაჩევსკი.