ახალი ამბები

მარგველაშვილი: რუსეთის ქმედებები სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა

1 მარტი, 2014 • • 921
მარგველაშვილი: რუსეთის ქმედებები სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა

“დღეს უაღრესად საშიში განვითარება მიიღო უკრაინაში, კერძოდ კი, ყირიმში მიმდინარე პროცესებმა. რუსეთის ფედერაციის მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე პასპორტების დარიგება, სამხედრო ინფრასტრუქტურისა და კონტინგენტის გაძლიერება, ასევე, გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალებით დაიცვან უკრაინაში მცხოვრები „თანამემამულეთა ინტერესები“, წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას, რაც ეწინააღმდეგება გაეროსა და  ეუთოს ფუძემდებლურ დოკუმენტებს, უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის საბაზისო პრინციპებს და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

 
დაუშვებელია სახელმწიფოთა ბედი, მათი მომავალი და ტერიტორიული მთლიანობა წყდებოდის უცხო სახელმწიფოს ზეწოლითა და ძალისმიერი ჩარევით. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, არ დაუშვას ახალი კონფლიქტი ევროპაში და გამოიყენოს მის ხელში არსებული საშუალებები, რათა  მოხდეს შესაძლო აგრესიის თავიდან აცილება და შენარჩუნებულ იქნას უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა”.- ნათქვამია განცხადებაში. 
 
 
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა ვლადიმერ პუტინის ინიციატივას უკრაინაში, კონკრეტულად კი ყირიმში ჯარების შეყვანასთან დაკავშირებით. უკრაინის ხელისუფლება პუტინს პროვოკაციაში ადანაშაულებს. უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს “აფხაზეთის გეგმის გათამაშება” სურს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი