ახალი ამბები

წულუკიანი ფოფხაძეს: აუცილებლად რა?სად?როდის?–ში უნდა გკითხონ ID ბარათებზე, რომ გაიგოთ?

28 თებერვალი, 2014 • • 1437
წულუკიანი ფოფხაძეს: აუცილებლად რა?სად?როდის?–ში უნდა გკითხონ ID ბარათებზე, რომ გაიგოთ?

იუსტიციის მინისტრმა წუხილი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ კოალიციის წევრებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ ელექტრონულ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ბარათი არანაირ დამატებით ინფორმაციას არ შეიცავს გარდა იმისა, რაც მასზე ხილულადაა წარმოდგენილი:

 

დოკუმენტში ინტეგრირებული ე.წ. ჩიპი არის საკმაოდ სულელი ბარათი და არავითარ შემთხვევაში არ არის კიბერ ტექნოლოგიის დოკუმენტი, ეს საკმაოდ განუვითარებელი ბარათია. ეს არის საკმაოდ შეზღუდული მეხსიერების და მასზე ეტევა ის, რაც ხილულად არის ბარათზე, გვარი, სახელი, მოქალაქეობა, ის, რომ სამინსიტრო გასცემს, როდის დავიბადეთ, რა სქესის ვართ, დროშა არის, ჩვენი რუკაა ტერიტორიული მთლიანობის დაცვით, ჯვარი, რადგან ჯვრები გვაქვს დროშაზე და ფოტო. თუ ჩვენ წავალთ იმ გზით, რომ ან გავაუქმოთ ეს ბარათი, ან დავუშვათ ის, რომ ლამინირებული ბარათების ვადა გავაგრძელოთ, მაშინ ჩვენ უფრო შორს უნდა წავიდეთ. მაგალითად, გავაუქმოთ სამოქალაქო რეესტრში დაცული ყველა ის ბაზა, რაც არის გაცილებით მეტი ინფორმაციის შემცველი ჩვენზე. აქ დაცულია ინფორმაცია სად დაიბადეთ, ვინ არიან თქვენი მშობლები, რამდენჯერ დაქორწინდით, რამდენჯერ განქორწინდით. შსს–ში ცნობილია ჩვენი სისხლის ჯგუფი, რომელიც მიბმულია მართვის მოწმობაზე, ყველაფერი იცის ცივილიზებულმა სახელმწიფომ, თუ ჩვენ არ გვინდა ბაზები და არ გვინდა ცივილიზებული სახელმწიფო, მაშინ ბაზები გავაუქმოთ მოქალაქეებზე და ვთქვათ, რომ არ გვინდა სახელმწიფო, არ გვინდა სისტემა, გვინდა რაღაც ტიპის საზოგადოება, სადაც არის ანარქია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრომ ელექტრონულ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ე.წ. ID ბარათები მისაღებია:

 

“ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ უნდა შედგეს ბიომეტრიული საარჩევნო სია, რომ ერთხელ და სამუდამოდ არც ერთმა ხელისუფლებამ არ გაბედოს გააყალბოს არჩევნები. ეს არის არჩევნებთან დაკავშირებული. ცრუა ინფორმაცია, რომ 30% არის ამის წინააღმდეგი, ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და 84% ამბობს, რომ მისთვის მისაღებია ელექტრონული პრიადობის მოწმობა, 16%–ს აქვს გარკვეული წინააღმდეგობა და აქედან 34% ამბობს, რომ აიღებს, თუ ის იქნება უფასო. გერმანიამ შემოიტანა, საფრანგეთს შემოაქვს, დიზაინზე მუშაობენ და თანდათან მიდიან ქვეყნები იქითკენ, რომ ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას ჰქონდეს უსაფრთხო პირადობის მოწმება. უწმინდესმა არაერთხელ მოგვიწოდა, არ ჩამოვრჩეთ პროგრესს და ტექნოლოგიას, რა არის ცუდი იმაში, თუ ჩვენ ვიქნებით ვინმეზე წინ?”, – აღნიშნა მინისტრმა.


მისივე თქმით, ამ ეტაპზე მთავრობაში ალტერნატიული პირადობის მოწმობების საკითხი არ განიხილება:


“ამ ეტაპზე მთავრობაში ეს განხილვის საგანი არ არის, მაგრამ თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ რაღაც გამოსავალი უნდა იქნეს მოძებნილი, შესაძლოა ეს გახდეს განხილვის თემა”, – განაცხადა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი