ახალი ამბები

თურქეთის მთავრობა ლირის კრიზისში “ყალბი ამბების” კვალს ხედავს და გამოძიებას იწყებს

13 აგვისტო, 2018 • 3358
თურქეთის მთავრობა ლირის კრიზისში “ყალბი ამბების” კვალს ხედავს და გამოძიებას იწყებს

თურქეთის ოფიციალური უწყებები ლირის მკვეთრ გაუფასურებაში “ყალბი ამბების” გამავრცელებელთა კვალს ხედავენ. გამოცემა “ჰურიეთის” ცნობით, ამ საკითხზე მოკვლევა რამდენიმე უწყებამ უკვე დაიწყო.

სტამბოლის მთავარი პროკურორის ოფისი სწავლობს ქმედებებს, რომლებიც “ეკონომიკურ თავდაცვისუნარიანობას” ემუქრება. ქვეყნის ფინანსურმა მაკონტროლებელმა კი იმ “ყალბი ამბების” თაობაზე დაიწყო მოკვლევა, რომლებიც ეკონომიკურ მანიპულაციებს უწყობენ ხელს.

როგორც ამ უკანასკნელის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება იწყება “ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც ემუქრებიან ეკონომიკურ სტაბილურობას მედიასა და სოციალურ მედიაში განთავსებული მანიპულაციური ამბებით და მონაწილეობენ გადატრიალების მცდელობის უკან მდგომი ადამიანების ორგანიზებულ შეტევაში თურქეთის რესპუბლიკის, სოციალური მშვიდობის, ერთობისა და ეკონომიკური თავდაცვისუნარიანობის წინააღმდეგ”.

პროცესში უკვე ჩაერთო თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროც, რომელიც გამოძიებას სოციალური მედიის 346 პროფილის წინააღმდეგ აწარმოებს, რომლებიც “დოლარის კურსის ზრდის პროვოცირებისთვის აზიარებდნენ პოსტებს”. დამოუკიდებელ გამოძიებას “ყალბი ამბების” გამავრცელებელთა წინააღმდეგ თურქეთის ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო ბიუროც აწარმოებს.

პროცესების კომენტირებისას, პრეზიდენტ ერდოღანის კომუნიკაციების დირექტორმა ფაჰრეთთინ ალთუნმა აღნიშნა, რომ “დეზინფორმაციული კამპანია თურქეთის წინააღმდეგ მიმდინარე ეკონომიკური ომის ნაწილია”. მან რამდენიმე მაგალითიც მოიყვანა, როცა, მისი აზრით, ერდოღანის განცხადებები დაამახინჯეს.


თურქული ლირა ამერიკულ დოლართან მიმართებით კვლავ უფასურდება. თბილისის დროით 15:40-ზე, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარის ფასი 7 ლირას აჭარბებს.

თუ მათ აქვთ დოლარები, ჩვენ გვყავს ალაჰი – ერდოღანი ლირის გაუფასურებასა და სანქციებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი