ახალი ამბები

RMG: საწარმოს წინააღმდეგ საბოტაჟი მიმდინარეობს

28 თებერვალი, 2014 •
RMG: საწარმოს წინააღმდეგ საბოტაჟი მიმდინარეობს

სოსო ცაბაძის განმარტებით, გაფიცულებთან შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი ხდება. ცაბაძეს შთაბეჭდილება აქვს, რომ ეს პროცესები “მართულია”:

 

“გაფიცვა დამთავრდა, რადგან ეს გადაიზარდა პოლიტიკურ საბოტაჟში. ეს არის მიზანმიმართული შეტევა არა მარტო კონკრეტულად ჩვენს კომპანიაზე, არამედ მთლიანად ბიზნესზე. ჩანან სხვადასხვა პოლიტიკური ძალები”.

 

სოსო ცაბაძე არ აკონკრეტებს, რომელი პოლიტიკური ძალები მოქმედებენ RMG-ის წინააღმდეგ.

 

სოსო ცაბაძე
სოსო ცაბაძე

“დროდადრო ჩნდებიან პოლიტიკური ძალები, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ნაციონალიზაციაზე ალაპარაკდნენ საწარმოების. ეს პროცესი მარტო ჩვენთან არ ხდება. ეს პროცესი მიდის ჭიათურაშიც”,- ამბობს ცაბაძე.

 

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ცაბაძემ განაცხადა, რომ კომპანია მზადაა 40-მდე თანამშრომელი აღადგინოს. ჩვენს შეკითხვაზე, რა ნიშნით გამოარჩია 40 თანამშრომელი, ცაბაძე ამბობს, რომ ისინი პროფესიული ნიშნით შეარჩია.

 

“სპეციალობით, რომელიც გვჭირდება. დანარჩენი სხვა პერსონალური ნიშნები არ შეიძლება. გაჩნდა საჭიროება იმიტომ, რომ გაკრვეულ ნაწილში უნდა გავზარდოთ ალბათ წარმოების მოცულობა, როცა დასტაბილურდება ეს სიტუაცია”,- განაცხადა ცაბაძემ.

 

ცაბაძემ განმარტება გააკეთა გუშინ მომხდარი ფაქტის შესახებაც, რომელიც მდინარე კაზრეთულას დაბინძურებას ეხება. კომპანია პასუხისმგებლობას გაფიცულებს აკისრებს, რადგან მათ “საწარმო ბლოკირებული აქვთ”.

 

ჩვენს კითხვაზე, საწარმოში შესვლა შესაძლებელია თუ არა, ცაბაძე გვპასუხობს, რომ ის სპეციალისტები, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე, მეზობლებისგან ზეწოლის გამო უარს აცხადებდნენ სამსახურში მისვლაზე.

”პერსონალის ჩვეულებრივი მისვლა-მოსვლა არის, რომ მას არ ხვდება იქ სირცხვილის კორიდორი და არ აქვს მეზობლებისგან ფსიქოლოგიური ზემოქმედება.”

 

ცაბაძე განმარტავს, რომ ჩვეულებრივი ოპერირების პირობებში არ არსებობს იმის წინაპრიობა, რომ გარემო დაბინძურდეს.

 

“ეს არის საგანგებო ოპერირების მიზეზი, რაც შექმნა აქციებმა. იქ არ მიეცა კვალიფიციურ ოპერატორს შესვლის საშუალება და მუშაობის საშუალება. მანქანის შესვლა-გამოსვლა არ ნიშნავს ოპერატორის შესვლა-გამოსვლას. იქ არის აქციის მონაწილე, რომელიც თავის მეზობელს ეუბნება – შენ თუ იქ შეხვალ, პრობლემები შეგექმნება,” – ამბობს ცაბაძე.

 

კომპანია RMG-ის მუშების გაფიცვა 14 თებერვლიდან მიმდინარეობს. გუშინ მდინარე კაზრეთულაში ნალექი ქანების შემცველი წყალი ჩაიღვარა, რამაც გარემოს დაბინძურება გამოიწვია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი