ახალი ამბები

შსს-ს შეზღუდვები ბერი გაბრიელის ნეშტთან მიახლების მსურველთა ნაკადის უსაფრთხოების მიზნით

28 თებერვალი, 2014 •
შსს-ს შეზღუდვები ბერი გაბრიელის ნეშტთან  მიახლების მსურველთა ნაკადის უსაფრთხოების მიზნით

კერძოდ, ქვეითად მოსიარულე მოქალაქეებმა ტაძრის დასავლეთ კარიბჭემდე მისასვლელად სამრეკლოს ქუჩით უნდა ისარგებლონ, საიდანაც სამების ცენტრალური შესასვლელიდან რკინის ჯებირებით მოწყობილი უსაფრთხოების დერეფნის გავლით შეძლებენ ტაძართან მისვლას.

 

ტაძრიდან გამოსვლისას მოქალაქეებმა სამხრეთის კარიბჭის მიმართულებით უნდა იმოძრაონ და სამების ეზო ერისთავის ქუჩის მხრიდან დატოვონ.

 

ტაძრისკენ მიმავალ ყველა ქუჩაზე ავტომანქანით მოძრაობა იზღუდება, ხოლო ხალხის ნაკადის მატებისას, შესაძლებელია, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა ქუჩები პერიოდულად გადაკეტონ.

 

“იმისთვის, რომ არ მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევები და პოლიციამ შეძლოს ხალხის ნაკადის მოწესრიგება, შინაგან საქმეთა სამინისტრო ტაძარში შესვლის მსურველებს მოუწოდებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, ხელი შეუწყონ მათ წესრიგის დაცვაში და პოლიციასთან ერთად კოორდინირებულად იმოქმედონ”, – აცხადებენ შსს-ში.

 

“ვითვალისწინებთ რა ხალხის უდიდეს სურვილს მამა გაბრიელის ნეშტთან მიახლებისა და კიდევ იმ მდგომარეობას, რომ მრევლი რამდენიმე საათის რიგში დგომის შემდეგაც ვერ ახერხებს ეკლესიაში შესვლას, საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, ღირსი მამა გაბრიელ სალოსი (ურგებაძე) კიდევ რამდენიმე კვირით დატოვოს დასვენებული სამების საკათედრო ტაძარში, რათა ხალხს თავისუფლად მისვლის შესაძლებლობა ჰქონდეს”, – ამ განცხადებას კი საპატრიარქო ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი