ახალი ამბები

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა

13 აგვისტო, 2018 • 2670
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქურდული  სამყაროს მხარდაჭერისა და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს. უწყებაში აცხადებენ, რომ კანონიერი ქურდობის ბრალდებით, სისხლის სამართლი პასუხისგებაში დაუსწრებლად მიეცა თენგიზ ხოფერია.

გამოძიების ინფორმაციით, ფინანსური დავის მოსაგვარებლად, ერთ-ერთმა დაკავებულმა თურქეთში მყოფ კანონიერ ქურდ თენგიზ ხოფერიას მიმართა. შსს-ს ინფორმაციით, დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად, თენგიზ ხოფერიას მეორე დაკავებულმაც მიმართა.

“აღნიშნულ ქურდულ გარჩევებში, ასევე, ჩართული იყო კ. ბ, რომელიც აქტიური ქმედებებით ხელს უწყობდა “ქურდული სამყაროს” საქმიანობის განხორციელებას. “კანონიერმა ქურდმა” თენგიზ ხოფერიამ თ.ბ.-სა და დ.გ.-ს შორის არსებული ფინანსური უთანხმოება ქურდული გარჩევის გზით განიხილა და დავა დ.გ.-ს სასარგებლოდ გადაწყვიტა.

დ. გ.-მ მიმდინარე წლის მაისში კვლავ მიმართა “კანონიერ ქურდ” თენგიზ ხოფერიას. მან კრიმინალურ ავტორიტეტს ძმებს – ლ. და გ. დ.-ებს და ზ. კ.-ს შორის არსებული ფინანსური დავის “ქურდული გარჩევის” გზით მოგვარება სთხოვა. თენგიზ ხოფერიამ აღნიშნული დავა “ქურდული გარჩევის” გზით განიხილა და ფინანსურ დავაში მონაწილე მხარეები, მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად და ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მისაღებად, დ. გ.-ს მეშვეობით, თურქეთის რესპუბლიკაში დაიბარა.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ “კანონიერ ქურდ“” თენგიზ ხოფერიასთან სისტემატური კავშირი ჰქონდა დ.მ-ს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა “ქურდული სამყაროს” მიზნების განხორციელებაში.

მიმდინარე წლის ივნისში დ. მ.-მ “ქურდული გარჩევის” გზით ქონებრივი დავის მოსაგვარებლად “კანონიერ ქურდ” თენგიზ ხოფერიას დააკავშირა ს.ჯ, რომელმაც ს.ჯ.-ს ქმედება შეაფასა და ქურდული გარჩევის გზით შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. დ. მ. “კანონიერი ქურდის” მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სისტემატურად უკავშირდებოდა ს. ჯ.-ს, რომელიც თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით აიძულა, აღესრულებინა “კანონიერი ქურდის” მიერ მიღებული გადაწყვეტილება,”-წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც, 2018 წლის აპრილიდან ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩამონათვალი გაფართოვდა. შსს-ს ინფორმაციით, აპრილიდან კანონიერი ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობასთან ერთად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება გახდა ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223 პრიმა-3 მუხლის მეორე ნაწილით და 223 პრიმა-4 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 7 წლამდე, 7-დან 10 წლამდე და 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი