ახალი ამბებისამართალი

ნარკოტიკების საქართველოში შემოტანაში ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

13 აგვისტო, 2018 • 2175
ნარკოტიკების საქართველოში შემოტანაში ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

დღეს, 13 აგვისტოს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის ბრალდებულ აზერბაიჯანის მოქალაქეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის ბრალდებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ი.ა. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის “ა” და მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით და 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის “ა” და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით.

პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ი.ა-მ აზერბაიჯანში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები “მეთადონი”, “მეტამფეტამინი” და “ჰეროინი”, რომლებიც სხეულში დამალვის გზით, 2018 წლის 19 თებერვალს, სასაზღვრო-გამშვები პუნქტის “წითელი ხიდის” გავლით, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.

პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ი.ა საქართველოში შემოსვლისთანავე, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ “წითელ ხიდში” დააკავეს:

“მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 0,386 გრ. ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი” (მარილი), დიდი ოდენობის 0,5811 გრ. ნარკოტიკული საშუალება ,”მეტამფეტამინი” (მარილი) და განსაკუთრებით დიდი ოდენობის 6,2437 გრ. ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”. ი.ა.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის “ა” და მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის “ა” და მე-4 ნაწილის, “ა” ქვეპუნქტით (საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი