იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ დღევანდელ კონფერენციას სწორედ იმ ქვეყნების მოსამართლეები დაესწრებიან, სადაც მოსამართლეებისთვის 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა მოქმედებს:
“იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში შეიქმნას ყველაზე გამართული სისტემა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მისცემს ისეთ სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომელსაც საზოგადოება ენდობა. ეს ნდობა დღეს არის საკმაოდ დაბალი ხარისხის ჯერ კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე არის თავისუფალი. დღეს ჩვენ მოვიწვიეთ საერთაშორისო კონფერენცია მოსამართლეების, 7 ქვეყნის უცხოელი მოსამართლე არის ჩართული, რათა შედგეს დიალოგი მათსა და ჩვენი ქვეყნის მოსამართლეებს შორის ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, ეს არის მოსამართლეებისთვის 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა მანამ, სანამ ისინი დაინიშნებიან სამუდამოდ”, – აცხადებს თეა წულუკიანი. მისი თქმით, 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა გულისხმობს იმას, რომ არსებობდეს შეფასების სისტემაც:
“მოსამართლე, ვინც 3 წლის მანძილზე კარგად იმუშავებს, დაინიშნება სამუდამოდ და ვინც ვერა – ის ვერ იქნება დანიშნული, ეს სისტემა სხვა ქვეყნებში მოქმედებს და იმ ქვეყნებში, სადაც შეფასების სიტემა მოქმედებს, მოვიწვიეთ მოსამართლეები, რომ გვითხრან როგორ კეთდება ეს და როგორი სისტემა იქნება ჩვენთვის გასაზიარებელი, რომ მოსამართლეები, დიახაც, შეფასდნენ, სანამ მუდმივად დაინიშნებიან და გადაწყვეტენ ადამიანების ბედს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი კი აცხადებს, რომ ის და მასთან ერთად ყველა მოსამართლე მიიჩნევს, რომ გამოსაცდელი ვადის დაწესება მოსამართლეთა დამოუკიდებლობას ხელს შეუშლის:
“სასამართლო სისტემის მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილია. 2013 წლის დეკემბრის ბოლოს მოსამართლეთა კონფერენციამ, ყველა მოსამართლემ, მხარი დაუჭირა განცხადებას, რითაც აღვნიშნეთ, რომ გამოსაცდელი ვადა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას. ჩვენი ეს პოზიცია დღევანდელ კონფერენციაზეც დაფიქსირდება. ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ესაა დიდი საფრთხის შემცველი. ასეთი საფრთხის შემცველი დებულებების კანონში შეტანა დამოუკიდებლობის პრინციპების საწინააღმდეგოა. როგორც მინიმუმ ის უნდა იქნას კანონმდებლობაში შეტანილი, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მონიტორინგის არავითარი კრიტერიუმი არ უნდა იქნეს შემოტანილი და 3 წლით დანიშნული მოსამართლე ავტომატურად უნდა იქნას დანიშნული უვადოდ. ერთადერთი კრიტერიუმი უნდა იყოს გათავისუფლების საფუძველი”, – აცხადებს კოტე კუბლაშვილი.
დღევანდელ კონფერენციას ესწრება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ბრიჯით ბრინკი. მისი თქმით, იმ თემების დეტალური მსჯელობა, რაც დღევანდელ კონფერენციაზე განიხილება, სასამართლოს დამოუკიდებლობისკენაა მიმართული:
“დღეს განიხილება მოსამართლეთა უვადო დანიშვნის, ასევე, გამოსაცდელი ვადის პერიოდში მონიტორინგის სწორად განხორციელების საკითხი, ეს ყველაფერი მიმართულია დამოუკიდებელი სასამართლოს ხელშეწყობისკენ და მსგავსი დებატები სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობას უწყობს ხელს”, – განაცხადა ბრიჯით ბრინკმა. მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ კონფერენციას, რომელიც USAID–ის ხელშეწყობითა და ევროპული საელჩოების მხარდაჭერით ტარდება, ესწრებიან როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე, უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები.





