„ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ამერიკაში, ვერ აცნობიერებს საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს ნატოს ავღანეთის მისიაში. მართლაც, ჩემი აზრით, არაფერი არ აკავშირებს ერებს ისე, როგორც გვერდიგვერდ ბრძოლა საერთო მტრის წინააღმდეგ და საერთო მიზნების მსახურება. საქართველო ამას აკეთებს ავღანეთში, და ისინი კვლავაც იქნებიან ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს წვერი სხვა ქვეყნების ძლიერი მოკავშირეები. მნიშვნელოვანია, რომ წავახალისოთ საქართველო და სხვა ქვეყნები. ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებენ რუსები მსოფლიოს სხვა კუთხეში, ახლა უმიზნებენ უკრაინას, თუმცა, ეს სულ სხვა საკითხია, რომელსაც ჩვენ დღეს აქ არ განვიხილავთ, მაგრამ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს და წავახალისოთ მისი გაწევრიანება ნატოში. მე და კონგრესმენმა კიტინგმა წარვადგინეთ რეზოლუცია, რომელშიც მხარდაჭერილია ნატოში საქართველოს მიღება. ჩვენი სურვილია ამ რეზოლუციის სწრაფად დამტკიცება. ეს არის ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივა, ეს არის პარტიათა შორის ურთიერთობის მაგალითი, რომლის სულისჩამდგმელები არიან რესპუბლიკელი ტეხასიდან და დემოკრატი მასაჩუსეტსიდან. ჩვენ ერთ ენაზეც კი არ ვლაპარაკობთ, მაგრამ ამ საკითხმა გაგვაერთიანა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივას და გვინდა კონგრესის წევრებმაც დაგვიჭირონ ამაში მხარი. ყველა იმ მიზეზის გამო, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსა და ნატოსთვის, არამედ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და ქართველ ხალხთან ჩვენი პარტნიორობისთვისაც.“ – აცხადებს კონგრესმენი ტედ პო.
პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაშინგტონში რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კონგრესმენებმა პრესკონფერენცია საქართველოს პრემიერ9მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართეს. რეზოლუცია, რომელიც კონგრესმენებმა წარადგინეს, გულისხმობს 2014 წლის ნატოს სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას.
„საკანონმდებლო ინიციატივა შეიცავს მოწოდებას პრეზიდენტ ობამასა და მოკავშირეებისადმი, მიანიჭონ საქართველოს მაპი წელს უელსში დაგეგმილ ნატოს სამიტზე“, – კონგრესმენი უილიამ კიტინგი დემოკრატიული პარტიიდან.
“ჩვენ გვაქვს საოცარი მაგალითი ქვეყნისა, რომელიც ასე სწრაფად მიიწევს წინ დემოკრატიისაკენ, ამყარებს ეკონომიკურ კავშირებს და რომელსაც სათავეში უდგას ძალიან ახალგაზრდა კაცი, რომელმაც კარიერა დაიწყო 23 წლის ასაკში. სრულიად ყმაწვილი კაცია – 31 წლის”, – განცხადა კონგრესმენმა უილიამ კიტინგმა პრესკონფერენციაზე, სადაც „საქართველოს ნატოში გაწევრიანების რეზოლუციის“ ინიცირება მოხდა.
ვაშინგტონში ორმა გავლენიანმა პირმა, რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კონგრესმენმა, პრესკონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართა.
„მე და პრემიერ-მინისტრმა განვიხილეთ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის გადაწყვეტილების მნიშვნელობა, რაც, ჩემი აზრით, გზას გაუხსნის ქვეყანას ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს ხელშეკრულება ქვეყანას დაეხმარება რეფორმების პროცესის კონსოლიდაციასა და დაჩქარებაში, ასევე გააძლიერებს საქართველოს სუვერენიტეტს და მოიტანს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ეკონომიკური ზრდის კუთხით. ევროკავშირის მსგავსად, ლოგიკურია, რომ საქართველომ შემდეგი ნაბიჯი გადადგას ნატოსკენაც. სწორედ ამიტომ, მე და ბატონმა პომ წარვადგინეთ რეზოლუცია, რომელშიც დადასტურებულია აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სამომავლო გაწევრიანება ნატოში. ეს საკანონმდებლო ინიციატივა შეიცავს მოწოდებას პრეზიდენტი ობამასადმი და მოკავშირეებისადმი, მიანიჭონ საქართველოს მაპი წელს უელსში დაგეგმილ ნატოს სამიტზე. ამ რეზოლუციის წარდგენის დრო არ არის შემთხვევითი. ერთი თვალის შევლებაც კი კმარა მსოფლიოსთვის, კერძოდ უკრაინისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთის მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ახალგაზრდა დემოკრატიებისათვის. სოჭის ოლიმპიური თამაშები დასრულდა და ახლა მეტად მნიშვნელოვანია აშშ-მა მკაფიოდ და არაორაზროვნად დაუჭიროს მხარი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ასევე უნდა დავიცვათ პრინციპი, რომლის მიხედვითაც ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. გპირდებით, რომ ვითანამშრომლებ კონგრესმენ პოსთან და კონგრესის სხვა წევრებთან, რათა დავარწმუნოთ მოკავშირეები, რომ საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისათვის მაპის მისაღებად. „ – აცხადებს კონგრესმენი უილიამ კიტინგი.
“საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუცია” – პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ასე ჰქვია რეზოლუციას, რომელიც 2014 წლის ნატოს სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას გულისხმობს.