ახალი ამბები

არასამთავრობოები: ყოფილ პატიმარს სამართალდამცველები ემუქრებიან

27 თებერვალი, 2014 •
არასამთავრობოები: ყოფილ პატიმარს სამართალდამცველები ემუქრებიან

 

განცხადების მიხედვით, 2013 წლის 2 დეკემბერს წამების მსხვერპლმა ყოფილმა პატიმარმა ზაზა აზარიაშვილმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, საჩივარი შეიტანა მთავარ პროკურატურაში და მოითხოვა პატიმრობის დროს მის მიმართ განხორციელებული წამების ფაქტების გამოძიება, რომელშიც მხილებულნი იყვნენ გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი დირექტორები – თამაზ მელაძე და ალექსანდრე მუხაძე. ამასთანავე, ზემოხსენებული მიმართვის თანახმად, იგი არის მთავარი მოწმე ყოფილ პოლიტპატიმარ ვახტანგ მაისაიას საქმეში, რომელიც ეხება ვახტანგ მაისაიას მიმართ განხორციელებულ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.

 

“მას შემდეგ, რაც ქ. თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო აზარიაშვილსა და ვახტანგ მაისაიას წამების საქმეებთან დაკავშირებით, ზაზა აზარიაშვილზე წყნეთის პოლიციის უფროსმა კონსტანტინე ფუხაურმა და მისმა მოადგილემ ზაალ ტაბატაძემ არაერთხელ განახორციელეს ზეწოლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ისინი აიძულებდნენ ზაზა აზარიაშვილს, პროკურატურიდან გაარმოეტანა საჩივარი. მიმდინარე წლის 27 იანვარს ზაზა აზარიაშვილს მის საცხოვრებელ სახლში მიუვარდნენ კონსტანტინე ფუხაური და ზაალ ტაბატაძე, რომელთაც მოსთხოვეს ყოფილ პატიმარს პროკურატურიდან საჩივრის გამოტანა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ხოლო ამა წლის 25 თებერვალს, წყნეთში, ფიროსმანის ქუჩაზე თავდასხმა მოხდა ზაზა აზარიაშვილზე. მას თავს დაესხა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ოთხი პიროვნება, რომელთაც უმოწყალოდ სცემეს ყოფილი პატიმარი. თავდამსხმელები ზაზა აზარიაშვილს ცემის მიზეზად უსახელებდნენ თამაზ მელაძის წინააღმდეგ პროკურატურისათვის ჩვენების მიცემას. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საგამოძიებო ორგანოებს, დროულად გამოიძიონ ზაზა აზარიაშვილის მიმართ განხორციელებული უკანონობის ფაქტები, გამოიყენონ სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები, რათა დაცული იქნას მისი უსაფრთხოება”,  – ნათქვამია ზემოხსენებული ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი