ამასთან, სააგენტოს ცნობით, 20–მდე ყირიმელი თათარი საბჭოს შენობაში შეიჭრა ჯოხებით ხელში, თუმცა მათი დამშვიდება მეჯლისის ლიდერმა რეფატ ჩუბაროვმა მოახერხა.
ყირიმელი თათრების და პრორუსული ძალების ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია სიმფეროპოლში დღეს დილიდან მიმდინარეობს. ყირიმელი თათრები ქვეყნაში მომხდარ პოლიტიკურ ცვლილებებს უჭერენ მხარს, ხოლო პრორუსული ძალები უმაღლეს საბჭოს მოუწოდებენ, მიიღოს გადაწყვეტილება ყირიმის უკრაინის ცენტრალური ხელისუფლებისაგან გამოყოფის თაობაზე. ყირიმის უმაღლესი საბჭო დღეს უნდა შეკრებილიყო და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ემსჯელა, თუმცა სხდომა ვერ შედგა, რადგან კანონმდებლებმა საჭირო კვორუმის შეგროვება ვერ მოახერხეს. ამასთან, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა ვლადიმირ კონსტანტინოვმა განაცხადა, რომ უმაღლესი საბჭო ყირიმის უკრაინის შემადგენლობიდან გასვლის საკითხის დაყენებას არ აპირებს.
უნიანის ცნობით, დღევანდელ მიტინგში ორივე მხრიდან დაახლოებით 10000 ადამიანი მონაწილეობდა. დღის განმავლობაში სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა. ადგილი ჰქონდა შეტაკებებსაც, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
საპირისპირო აქციების ლიდერბმა მომიტინგეებს დაშლისკენ საღამოს მოუწოდეს. ყირიმელი თათრები აცხადებენ, რომ აპირებენ შექმნან თავდაცვითი ჯგუფი ყირიმის დასაცავად, რომელშიც ყირიმში მცხოვრები ყველა ეროვნების ადამიანი გაერთიანდება.