სოხუმის სტადიონზე აფხაზეთის ახალგაზრდულ და ნიგერიელი სტუდენტებისგან შემდგარ ნაკრებებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა.
სოხუმში მატჩს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, ვიცე-პერზიდენტი ვიტალი გაბნია, პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია და დე ფაქტო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
“ჩვენ ხშირად ვხედავთ ჩვენი არაკეთილგანწყობილი მეზობლების საწინააღმდეგო ქმედებებს არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ სპორტშიც. ისინი ყველა შესაძლო ჩარჩოდან გამოდიან, სპორტის პოლიტიზირებას ცდილობენ და ავიწყდებათ, რომ სპორტმა ადამიანები უნდა გააერთიანოს და არა დააშოროს. თუმცა მიუხედავად ყველა პოლიტიკური ასპექტისა, დღეს გაიმართება საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი აფხაზეთისა და ნიგერიის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის. არ ვამბობ, რომ ძლიერმა უნდა გაიმარჯვოს, ვამბობ – მეგობრობამ და ძმობამ უნდა გაიმარჯვოს”, -თქვა მატჩის დაწყებამდე ბაგრატ ხუტაბამ, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ.
თავის მხრივ, ნიგერიის სტუდენტური გუნდის კაპიტანმა საიდ შინმა განაცხადა: “ძალიან გვიხარია აფხაზეთში ყოფნა და აფხაზურ გუნდთან შეხვედრა. გაუმარჯოს აფხაზეთს და გაუმარჯოს ნიგერიას!”.
თამაში 4:0 აფხაზური გუნდის სასარგებლოდ დასრულდა.
სოხუმში გამართულ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრები აპირებდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩასვლას. აღნიშნული ინფორმაციის გასარკვევად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციასა და ნიგერიის ფეხბურთის ასოციაციას მიმართა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციიდან მიიღეს წერილი, სადაც ხაზგასმულია, რომ ფიფას მონაცემთა ბაზებში არ იძებნება არანაირი ინფორმაცია ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრების შესაძლო თამაშზე საქართველოს აფხაზეთის რეგიონში.
“მეტიც, აფრიკის კონტინენტზე ფიფას ოფიციალური წარმომადგენელი ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა, სადაც ოფიციალურად უარყვეს ინფორმაცია ნიგერიის რომელიმე ასაკობრივი ნაკრების სოხუმში ჩასვლის თაობაზე,” – ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.