როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დემოკრატიული რეფორმები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის ხელისუფლებას ეხმარება, შეინარჩუნოს პოლიტიკური სტაბილურობა, მშვიდობა და სამართლიანობა რეგიონში, განსაკუთრებით იმ საგარეო საფრთხეების და ზეწოლის გათვალისწინებით, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში რეგიონში თვალსაჩინო გახდა.
პრემიერმა იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც, მისი მტკიცებით, საქართველოს მთავრობამ დემოკრატიის განმტკიცების მიზნით განახორციელა, მათ შორის კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების გაუმჯობესების, სასამართლო და სისხლის სამართლის სისტემის, ასევე, ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პოლიტიკის მიმართულებით.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით ისაუბრა სასამართლო სისტემის რეფორმაზე და განაცხადა, რომ ერთ-ერთი პირველი წინგადადგმული ნაბიჯი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დემოკრატიული წესით არჩევა იყო. პრემიერის განცხადებით, სისხლის სამართლის კანონმდებლობა ლიბერალური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხდება.
„ახალმა ხელისუფლებამ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის მიზნით ძალისხმევა არ დაიშურა. ჩვენ გავხსენით სასამართლო პროცესი მედიისთვის, ასევე უზრუნველვყოფთ ბრალდებისა და დაცვის მხარეების შეჯიბრებითობას სასამართლოში“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მან ასევე ადამინის უფლებების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა:
“საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისათვის, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სიტუაცია გაეუმჯობესებინა ქვეყანაში, მათ შორის უმცირესობებეის უფლებების მიმართულებით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ შესაბამისი ნაბიჯები ასევე გადაიდგა ქვეყანაში მედიის პოლიტიკური ზეწოლისაგან გათავისუფლების მიზნით.
“რაც შეეხება ქართულ მედიას, ის ისეთივე თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისაგან, როგორც ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ სისტემაში”, – განაცხადა პრემიერმა.