“ძალიან დიდი განსხვავებაა და ვისაც არ ესმის, ავუხსნი. მე ძალიან ვწუხვარ, რომ 2007 წელს და სხვა პერიოდში საქართველოში ადგილი ჰქონდა ძალადობას, ძალიან ვწუხვარ და ძალიან განვიცდი ამას. 2007 და 2011 წლებში არავის არ გაუსვრია და ცეცხლსასროლი თუ რაღაც სხვა ფორმით არავინ დაღუპულა… დაიღუპა, თუმცა უბედური შემთხვევა იყო და რაც იყო, თქვენც კარგად გახსოვთ 26 მაისს. 2007 წლის ნოემბერში, როდესაც ეს მოხდა, მე გადავდექი, ხალხო! 1,5 წლით შევამცირე ჩემი ვადა ზუსტად. მიუხედავად იმისა, რომ რუსი ოლიგარქი აფინანსებდა იმ აქციებს, იყო ბევრი სხვა რამ, რის გამოც ხალხი ქუჩაში გამოვიდა მაშინ: გირგვლიანის ისტორია, მტკივნეული რეფორმები, ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა. სწორედ იმიტომ, რომ იქ მხოლოდ რუსული კომპონენტი არ იყო და სხვა კომპონენტებიც არსებობდა, მე ვთქვი: გადავდგები და ხალხმა გადაწყვიტოს, უნდა ვიყო თუ არა კიდევ პრეზიდენტი და შევიმცირე ვადა. სკლეროზი თუ არ გვაქვს, ასე იყო, ხომ? მეხსიერება ხომ არ უნდა დავკარგოთ?!
რაც შეეხება 26 მაისს, ეს იყო ეროვნული დღესასწაულის ჩაშლის მცდელობა პუტინის ფულით დ პუტინის ინსტრუქციით. რაც შეეხება 2007 წელს, მე ეს ისტორია შეიძლება ასე დეტალურად არ მაქვს მოყოლილი, ნოემბრამდე სამი თვით ადრე დსთ–ს ერთ–ერთმა ლიდერმა მითხრა, თუ როგორ უთხრა მას პუტინმა, რომ პატარკაციშვილი საქართველოში არევდა სიტუაციას. დსთ–ს ერთ–ერთ დედაქალაქში შედგა შეხვედრა პატარკაციშვილსა და ეფ–ეს–ბეს ორ გენერალს შორის რამდენჯერმე და შემდეგ უკვე ეფ–ბი–აიმ გამოგვიგზავნა ნოემბრამდე ერთი თვით ადრე ოფიციალური შეტყობინება, შსს–ს შეუძლია არქივში ნახოს, თუ აქვს, რომ ეფ–ეს–ბეს რამდენიმე გენერალი და კანონიერი ქურდები, უსოიანი და კიდევ ერთი -ორი, უნდა ჩამოსულიყვნენ ერევანში, რათა ამ ადამიანს დახმარებოდნენ საქართველოში არეულობის მოწყობაში. ასე რომ, მარტივად არ იყო საქმე. ბევრი ხალხი ქუჩაში სამართლიანად გამოვიდა, მაგრამ იყო სხვა კომპონენტებიც”, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოში სიტუაციის არევას სწორედ ის ცდილობდა, ვინც იანუკოვიჩს იგივე უკრაინაში დაავალა:
“ვინც უკრაინაში გაასროლინა, იგივე გვიწყობდა პროვოკაციებს საქართველოში. სხვა საკითხია, ყოველთვის სწორად რეაგირებდა თუ არა ჩვენი მთავრობა. უფრო თავშეკავებული უნდა ყოფილიყო, თუ უფრო მკვეთრი – ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ ჩვენ ვიცავდით საქართველოს თავისუფლებას და სუვერენიტეტს პუტინის თავზეხელარებული პოლიტიკისაგან”, – განაცხადა სააკაშვილმა.