ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაშარ ასადთან შესახვედრად რაულ ხაჯიმბაც ემზადება

8 აგვისტო, 2018 • 2477
ბაშარ ასადთან შესახვედრად რაულ ხაჯიმბაც ემზადება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის შემდეგ, სირიაში ოფიციალური ვიზიტით ამჯერად, რაულ ხაჯიმბა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტიც ემზადება.

როგორც აფხაზური მხარის ოფიციალურ განცხადებაში წერია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ბესლან ბარციცი სირიის არაბული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვალიდ ალ-მუალემს შეხვდა, სადაც მხარეებმა რაულ ხაჯიმბას ოფიციალური ვიზიტისა  და გასაფორმებელი ხელშეკრულებების საკითხები განიხილეს.

აფხაზური მხარიდან სირიაში დე ფაქტო რესუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე და მინისტრის მოადგილე, ირაკლი ტუჟბა იმყოფებიან. 

სირიაში ოფიციალური ვიზიტით, დაახლოებით, ორი კვირის წინ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვიც ჩავიდა, რომელიც სირიის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტ ბაშარ ასადს შეხვდა. 

სირიამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 29 მაისს გამოაცხადა.

სირიის მიერ აღიარების ფაქტს დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს.

რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ISIS-ის შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოსკოვი არაერთგზის დაუდანაშაულებიათ სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში. რუსეთი კი, თავის მხრივ, აშშ-ს სპელკულაციებში ადანაშაულებდა. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ვითარება ასადის ხელისუფლების სასარგებლოდ, არაერთ შემთხვევაში, სწორედ რუსეთის ჩარევით შეიცვალა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სირიის გარდა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი