სამხრეთ კავკასიის ამბები

ბიბილოვმა და ასადმა ერთმანეთი დაასაჩუქრეს

24 ივლისი, 2018 • 1916
ბიბილოვმა და ასადმა ერთმანეთი დაასაჩუქრეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სირიის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტ ბაშარ ასადს სამხრეთ ოსეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდო “უაცამონგი” გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავცრელებს.

განცხადების თანახმად, ბიბილოვმა აღნიშნული ჯილდო სირიის ლიდერს მადლობის ნიშნად გადასცა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის აღიარებისთვის.

მსგავსი ჯილდოები, ცხინვალის ინფორმაციით, აქამდე ვენესულისა და ნიკარაგუის პრეზიდენტებს აქვთ მიღებული.

ოფიციალური ცნობითვე, თავის მხრივ, ბაშარ ასადმაც გადასცა ანატოლი ბიბილოვს სირიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო და სხვა სიმბოლური საჩუქრები.

ანატოლი ბიბილოვი და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია სირიის არაბულ რესპუბლიკაში სამხრეთ ოსეთსა და სირიის არაბულ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით ჩავიდნენ.

სირიამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 29 მაისს გამოაცხადა.

სირიის მიერ აღიარების ფაქტს დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს.

რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ISIS-ის შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოსკოვი არაერთგზის დაუდანაშაულებიათ სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში. რუსეთი კი, თავის მხრივ, აშშ-ს სპელკულაციებში ადანაშაულებდა. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ვითარება ასადის ხელისუფლების სასარგებლოდ, არაერთ შემთხვევაში, სწორედ რუსეთის ჩარევით შეიცვალა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სირიის გარდა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი