ახალი ამბები

მოლდოვასა და საუდის არაბეთში საქართველოს ახალი ელჩები ეყოლება

25 თებერვალი, 2014 •
მოლდოვასა და საუდის არაბეთში საქართველოს ახალი ელჩები ეყოლება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, 2014 წლის 25 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა #25/02/01 და #25/02/02 განკარგულებები მერაბ ანთაძის მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დანიშვნისა და გიორგი ჯანჯღავას საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

 

“მერაბ ანთაძე 2009 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 2 იანვრამდე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო „დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია-სუამში,“ მოლდოვის რესპუბლიკაში კი საქმიანობას 2014 წლის 1 მარტიდან შეუდგება. გიორგი ჯანჯღავა 2013 წლის 2 ოქტომბრიდან დღემდე იკავებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციას ირლანდიაში, საუდის არაბეთის სამეფოში კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მუშაობას იგი 2014 წლის 3 აპრილიდან დაიწყებს. საქართველოს პრეზიდენტი დღეს მოლდოვის რესპუბლიკაში დანიშნულ ელჩს მერაბ ანთაძეს შეხვდა. შეხვედრისას საქართველოს და მოლდოვის, როგორც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი