ახალი ამბები

RMG: კომპანია სრული პარალიზების საფრთხის წინაშე დგას

25 თებერვალი, 2014 •
RMG: კომპანია სრული პარალიზების საფრთხის წინაშე დგას

როგორც კომპანიაში აცხადებენ, იმის გამო, რომ დღემდე არ არის დადებითად გადაწყვეტილი სალიცენზიო ტერიტორიის უმნიშვნელოვანესი უბნის,  საყდრისი-ყაჩაღიანის სამრეწველო ათვისების საკითხი, ჯგუფის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა დამძიმდა და კომპანია იძულებული გახდა შეემცირებინა წარმოება და გაეთავისუფლებინა 182 თანამშრომელი.

 

ამასთან, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ პერმანენტული აქციების მოთხოვნები სრულიად არარეალური და განუხორციელებელია:

 

“გაფიცულთა ჯგუფები აწყობენ ე.წ. სირცხვილის კორიდორებს, რა დროსაც ადგილი აქვს აგრესიული და შეურაცხმყოფელი ხასიათის შეძახილებსა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს. ამ ქმედებებში ჩართულები არიან საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები, რომელთაც საწარმოსთან არავითარი კავშირი არა აქვთ, მათ შორის, რაც ყველაზე საგანგაშოა, სკოლის პედაგოგები და მცირეწლოვანი მოსწავლეებიც კი.

ჩვენი აზრით, ყოველივე ეს მიზანმიმართული, კარგად ორგანიზებული ქმედებაა, რომელიც მიზნად ისახავს ნორმალური სამუშაო პროცესის ჩაშლას კომპანიაში მომუშავე თანამშრომლებზე, რომლებიც არ უერთდებიან ამ აქციებს, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით და, საბოლოო ჯამში, საწარმოს ფუნქციონირების სრულად პარალიზებას”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

RMG მოუწოდებს თანამშრომლებს, არ აყვნენ პროვოკაციას, დროულად დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს და გადავიდნენ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების  კონსტრუქციულ რეჟიმში.

 

“იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება და კვლავ საჭირო გახდება პერსონალის აყვანა, კომპანია მზად არის განიხილოს ყველა შესაძლებლობა, რათა პრიორიტეტულად სამსახურით დაკმაყოფილდნენ სწორედ ყოფილი თანამშრომლები, რომელთაც გააჩნიათ სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება”, – აცხადებენ კომპანიაში.

 

დაბა კაზრეთში 14 თებერვლიდან კომპანიის მუშები გაფიცვას აწყობენ. მათგან 8 შიმშილობს. გაფიცვის მონაწილეების თქმით, მათ კომპანიის თითქმის ყველა თანამშრომელი შეუერთდა. გაფიცულები მოითხოვენ ხელფასების ზრდას, სამუშაო პირობებისა და სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას, კომპანიიდან გათავისუფლებული 180 ადამიანის აღდგენას და 24 თებერვლიდან მათ მოთხოვნებს კიდევ ერთი-კომპანიის მენეჯმენტის ცვლილება შეემატა. 

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფიელბა არ შეუძლიათ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი