„იქაური ცხვრის რძე რომ 25 დღე ლიო, ბრმაც იყო დღისით ცაზე ვარსკვლავებს ნახავ“, „ძროხის ყიდვა თუ გინდა დიდაჭარის იაილების შავი ძროხა სჯობს, ადიგენის „ბელასნეჟკას“ – მეტს იწველება. მწვანე ტბის ახლო ჭაობებში გარეული იხვი იცის, ნადირობის სეზონზეც კი არ კლავენ – იცი რატომ? ეცოდებათ. ბუნება უყვართ იქაურებს“, – მსგავს ტექსტებს ბეშუმის შესახებ ბათუმიდან ამ კურორტისკენ მიმავალ „მარშუტკაში“ მოისმენთ, თუ გაგიმართლათ და ნამდვილ მემთეურებს დაემგზავრეთ.
ზღვის დონიდან თითქმის 2000 მეტრზე მდებარე კურორტი ბეშუმი დაბა ხულოდან 30 კილომეტრითაა დაშორებული. იქ წამსვლელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გზა ძალიან დამღლელი და მიხვეულმოხვეულია, ბათუმიდან ბეშუმში ჩასვლას დაახლოებით 4-5 საათი სჭირდება. თუმცა მას შემდეგ, რაც ხულოს გასცდებით და სოფლები: რიყეთი, შუასოფელი და დანისპარაული გამოჩნდება, მიხვდებით, რომ მომქანცველი გზა ამად ღირდა.
გაითვალისწინეთ, რომ ბეშუმში პირდაპირ ჩასულებს საცხოვრებლის პოვნა წინასწარი დაჯავშნის გარეშე გაგიჭირდებათ. ყველა ქოხს უკვე ჰყავს დამსვენებელი, ამიტომ თადარიგი გამგზავრებამდე დაიჭირეთ.
გოდერძის უღელტეხილს გადაივლით თუ არა იაილები – მემთეურთა დასახლებები გხვდებათ. მემთეურები იაილებში ზაფხულობით რჩებიან, საქონელს უვლიან, რძის პროდუქტებს ამზადებენ და შემოდგომისპირზე დასახლებას ტოვებენ. მაღალმთიანი აჭარაში ზაფხულობით სიცოცხლე ჩქეფს და დილიდან საღამომდე მხიარული ჟრიამულია: იაილებზე ერთად ამოდიან ბებია-ბაბუები, შვილები და შვილიშვილები, ქოხებიდან გამოფენილი ლოყაღაჟღაჟა ბავშვები გზადაგზა ხელს უქნევენ „მარშუტკის“ მგზავრებს.
გოდერძის უღელტეხილის შემდეგ მალევე მიადგებით ბეშუმს, ხის კოტეჯებისა და ქოხების კურორტს – ნაძვნარში გაბმული ჭრელაჭრულა ჰამაკები, დამსვენებელთა განტვირთული, მომღიმარი სახეები და ყველგან, ყველგან მხოლოდ ხის სახლები.
აქ გვიანამდე ისმის ხის აივნებზე გამოფენილი დამსვენებლების კისკისი, ნარდის კამათლების ხმა და ბავშვების მხიარული ჟრიამული.
ხის ქოხებში გვიანობამდე არ ქრება შუქი, დილით კი, როცა ყავას მიირთმევთ, აუცილებლად გაიგებთ კოტეჯებსა და ქოხებში პროდუქტების დამტარებელთა ხმას: „აბა ველური მარწყვიიი! კაიმაღიიი!”.
ბეშუმში ყველაფერი ძალიან ჰგავს ზღაპრის დეკორაციებს: პატარ-პატარა სახლები, ბავშვის ხელით ნაწერი აბრები, სახელდახელოდ მოწყობილი კაფე-ბარების უცნაური აფიშები, რაც გამცნობთ, რომ „ქვედა კვადრატში“ ყოველ პარასკევს „დისკო“ იმართება. იმავე დღის 14:00 საათზე კი ინდიელთა დღეა.
ზღაპარია ბეშუმის ღამეებიც, გვიანამდე ციმციმა ქოხებით და სუფთა, გრილი ჰაერით, ღამით ღია ფანჯრიდან მობერილი სიოთი, რომელიც უცნაურად გიხსნის ფილტვებს და ნაძვების სურნელი მოაქვს.
ბეშუმი სპეციფიური კურორტია. აქ დიდი სასტუმროები არ არის და კოტეჯები მთლიანად ქირავდება – ძირითადად ოჯახებზე. კოტეჯების ფასები ერთი თვის განმავლობაში 350-დან 700 ლარამდე მერყეობს, 400 – დან 600 დოლარამდე ღირს განსაკუთრებულად კეთილმოწყობილი კოტეჯები – სადაც თვისუფლად დაეტევა 2 ან 3 ოჯახიც.
ორი, სამი დღით ან ერთი კვირით ბეშუმში ასულ დამსვნებელს, თუ მხოლოდ ორნი ხართ ან ერთი, ადგილზევე ღამის გასათევის პოვნა გაგიჭირდებათ, ასეთ შემთხვევაში თუ გაგიმართლათ და ვინმემ საკუთარ კოტეჯში გაგათევინათ, ერთ ღამეში დაახლოებით 40 – 50 ლარის გადახდა მოგიწევთ (კვების გარეშე).
თუ ბეშუმთან ახლომდებარე იაილებში – მემთეურთა სახლებში გაათევთ ფასი მოლაპარაკებაზე იქნება დამოკიდებული, 24 – 30 ლარზე მეტს მემთეურები არ გადაგახდევინებენ ღამეში, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ იაილებში აბაზანები ძირითადად არ არის და ძროხებიც თქვენთან ახლოს იცხოვრებენ – ამისთვის მზად უნდა იყოთ. თუმცა ასეთ სახლებში ნახავთ ყველის, ყურუთის, ნადუღის დამზადების პროცესს და ამ ყველაფერს ადგილზევე დააგემოვნებთ. თუ მანქანით ხართ იაილებზევე შეიძენთ ძალიან იაფად რძის პროდუქტებს შინ წასაღებად.
არის მესამე და ოპტიმალური საშუალებაც: ბეშუმთან ახლოს ულამაზესი სოფლებია: რიყეთი, შუასოფელი, დანისპარაული, სადაც 30 დან 50 ლარამდე ღირს საოჯახო სასტუმროებში ღამისთევა როგორც კვებით, ასევე კვების გარეშე.
მას შემდეგ, რაც ბეშუმში თქვენი პირველი დღე მიიწურება და ლურჯი ღამეც გათენდება, შეგიძლიათ ესტუმროთ კურორტთან ახლოს მდებარე იაილებს. ყველაფერი, რასაც ბეშუმში მოგართმევენ: რძეს, ყველას, კაიმაღს თუ ყურუთს – ყველაფერი იაილებიდან მოაქვთ, აქვეა დამზადებული, ახალი და გემრიელია.
კაიმაღი ძალიან ცხიმიან არაჟანს ჰგავს, ყურუთი კიდევ რძეში გადაზელილი ნადუღია, რომელსაც ფორმებს აძლევენ, სახლის ხის ყავარზე აშრობენ, ახმობენ და მერე ლუდთან ან ისე მიირთმევენ – მარილიანია ყურუთი, ლუდს უხდება ძალიან.
იაილების მემთეურები განსაკუთრებით სტუმართმოყვარეები და ყურადღებიანები არიან. მაშინაც კი თუ უბრალოდ იკითხავთ სწორად ადგეხართ თუ არა გზას, აუცილებლად გთავაზობენ ყავას და ცოტა ხნით მათთან შესვენებას.
ეს ხის სახლი კატრიძირშია, ასე ჰქვია იაილას, სადაც 60 წლის ნათელა აბულაძე ატარებს ყოველ ზაფხულს შვილებსა და შვილიშვილებთან ერთად. სულ ექვსი ძროხა ჰყავთ. ყოველდღე აკეთებს ყველს, კაიმაღს და მაწონს. საქმეში შვილები და შვილიშვილებიც ეხმარებიან.
ხის ქოხის კედლები ნათელას მოქარგული ყვავილებით და მარწყვიანი კალათებითაა მოფენილი. აჭარაში უფროსი თაობის ქალებს ქარგვა განსაკუთრებით უყვართ და გამოსდით.
ნათელა აბულაძე გვეუბნება, რომ იაილებზე რძის პროდუქტი გაცილებით იაფია და ტურისტებიც ხშირად არჩევენ ყველაფრის აქვე, მემთეურებთან ყიდვას. ნახევარი კილო კაიმაღი 5 ლარი ღირს, ყველი 8 ლარი, თითო ყურუთი 1 ლარი, ნადუღი – 2 ლარი, რძე კი ლარ-ნახევარი. კურორტის ტერიტორიაზე მდებარე ბაზარში, ბეშუმში პროდუქტის ფასი თითქმის არ განსხვავდება ბათუმის ფასებისგან. ხილი, ბოსტნეული და სახელდახელოდ გამართული კაფე-ბარი – აქ ყველაფერია, რაც მთის კურორტზე დასვენებისთვის დაგჭირდებათ.
იაილებზე მოგზაურობისას აუცილებლად გაიცნობთ და დაუმეგობრდებით ბავშვებს, რომლებიც არ დაგზარდებიან და ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნიან.
მაგალითად იმას, რომ ბეშუმთან ახლომახლო უამრავი იაილაა, ყველას სხვადასხვა სახელი ჰქვია: აივაზაჭოლო, ღრმაჭალა, ბერიჭალა, დიდი იაილა, ტიალიფერდი, ლეკიძირი, მწვანე ტბა და ტბის იქით – დიდაჭარისა და ალმის იაილები. ჩვენი მეგზური მემთეური ნათელა აბულაძის შვილიშვილი, 13 წლის ვეფხიაა. ფანჯრიდან დიდ, მწვანე ველს გვიჩვენებს და გვეუბნება, რომ შუამთობა აგვისტოს პირველ კვირას სწორედ ამ ველზე იმართება: დოღი, ცეკვა-თამაში და გართობა. დღესასწაული აქ შუამთობიდან ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება.
ბეშუმთან ახლოს ულამაზესი ალპური ბაღია გაშენეული, სადაც ათასფერადი, უცნაური ყვავილია, ბარში რომ ვერსად შეხვდებით ისეთი.
ბეშუმის დამსვენებლებს ნაწვიმარზე ხშირად ნახავთ ტყისპირებზე კალათებით გამოფენილებს – აქ ბევრი სოკოა და ტურისტებმა ეს მშვენივრად იციან.
ბეშუმის დატოვება არ შეიძლება მწვანე ტბის მონახულების გარეშე. გოდერძის უღელტეხილიდან ტბამდე 6 კილომეტრია, გზა შეგიძლიათ ტაქსით ან ფეხით გაიაროთ. ტაქსი იქამდე 30 ლარად მიგიყვანთ, დაგელოდებათ და უღელტეხილამდე დაგაბრუნებთ. ტბის პირას კარვებითაც რჩებიან, იქვე წვრილმანების მაღაზიაცაა.