ახალი ამბები

ღარიბაშვილი ამერიკელ სენატორებს შეხვდა

25 თებერვალი, 2014 •
ღარიბაშვილი ამერიკელ სენატორებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ სენატორ დიკ დურბინს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე ესაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. პრემიერმა შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზეც გაამახვილა ყურადღება.

 

პრემიერმინისტრის პრესცენტრის ინფორმაციით, სენატორი დიკ დურბინი საქართველოში თვითმმართველობის რეფორმით დაინტერესდა, რაზეც მას საქართველოს პრემიერმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი 2012-2013 წლების არჩევნებს და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსაც შეეხო.

 

სენატორ ჯეფ სეშენსთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერასა და ნატო-ს 2014 წლის სამიტის პერსპექტივებს. სენატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერტორიულ მთლიანობას, ასევე, ნატოში საქართველოს ინტეგრაციას, აცხადებს პრემიერის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

 

სენატორი ჯეფ სეშენსი საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის ინიციატორია და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს რეზოლუციის მიღებაში მხარდაჭერას დაპირდა.

 

პრემიერის პრესცენტრი აცხადებს, რომ სენატორმა საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკაში მიღწეული პროგრესისთვის შეაქო და აღნიშნა, რომ ეკონომიკური განვითარების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები მისასალმებელია.

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აშშ-ი საქართველოს არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორი, არამედ კარგი მეგობარია და საქართველოს ხელისუფლება ორმხრივი ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას ელოდება.

 

ირაკლი ღარიბაშვილი სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს სენატორ კარლ ლევინსაც შეხვდა და მასთან საოკუპაციო ხაზზე ე.წ ბორდერიზაციის პროცესის განახლებაზე ისაუბრა.

 

შეხვედრს ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო საქართველოს ევროკაშრთან ურთიერთობა და ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის საკითხი.

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო აფასებს აშშ-ის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისკენ.

 

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს და სტრატეგიული პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებს.

 

სენატორებთან შეხვედრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე, მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მრჩეველი დავით მაღრაძე და მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძეც დაესწრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი