საპატრიარქოს დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ წმინდანთა საფლავების გახსნის ტრადიცია საქართველოში თითქმის არ იყო, განსხვავებით სხვა მართლმადიდებელი ეკლესიებისგან, რადგან ქვეყანა მუდმივ შემოსევებს განიცდიდა და მათი დაცვის გარანტია არ არსებობდა.
საპატრიარქო განმარტავს, რომ მამა გაბრიელს ამოსვენების დროს მხოლოდ თავის ქალის ძვლის მცირე ნაწილი გამოჩნდა, მისი ნეშტი კი საერთოდ არ გახსნილა: როგორც იყო საბერო მანტიაში და ჭილობში დაკრძალული, ასევე დარჩა, გარედან ახალი საბერო სამოსით შეიმოსა და ლუსკუმაში ჩასვენდა.
საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ზოგიერთი წმინდანის ნეშტი ნაწილობრივ უხრწნელია, ზოგიერთისა კი, არა.
“აღმოყვანებული ნაწილები ზოგჯერ არის ნაწილობრივ უხრწნელი ან მხოლოდ ძვლების სახით დაცული. მაგალითად, უხრწნელია წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი, კიევის ლავრაში დაბრძანებულ წმინდანთა დიდი ნაწილი, მაგრამ, მაგალითად, მოციქულების- წმიდა გიორგის, სტეფანე პირველმოწამის, ბასილი დიდის, გრიგოლი ღვთისმეტყველის და სხვა წმინდანების მხოლოდ ძვლებია და მას მიეახლებიან მორწმუნენი”.
საპატრიარქოს განცხადებით, სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის ხუთშაბათს, 27 თებერვალს, 12 საათიდან 17 საათამდე საგანგებოდ საჯანმრთელო პარაკლისებს გადაიხდიან და დაილოცებიან, თუმცა მათ სხვა დროსაც შეეძლებათ ტაძარში მისვლა.