ახალი ამბები

ნაცმოძრაობა ვარაუდობს, რომ ონიანის დაკავების გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძემ მიიღო

24 თებერვალი, 2014 •
ნაცმოძრაობა ვარაუდობს, რომ ონიანის დაკავების გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძემ მიიღო

 

“ონიანის კოლეგების თქმით, უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში მათ გააჩნდათ ცნობები იმის თაობაზე რომ ადამიანებს იბარებდნენ პროკურატურაში და აიძულებდნენ ონიანის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემას. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ზაზა ხატიაშვილის ცნობით, უკვე ექვსი თვეა პროკურატურის მხრიდან ადგილი ჰქონდა ონიანის შევიწროვების მცდელობებს, რადგან ადვოკატის რანგში მისი საქმიანობა მიუღებელი აღმოჩნდა პროკურატურისთვის. ხატიაშვილის თქმით, ადვოკატებზე, მათ შორის გოგა ონიანზე ზეწოლის გამო ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ალდო ბურგარელიმ სპეციალური წერილით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა”, – აცხადებენ ნაცმოძრაობაში და დასძენენ, რომ ონიანმა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აღძრულ ორი საქმე პირწმინდად მოიგო.

 

“მან გამოააშკარავა აღნიშნულ საქმეებში ორი მთავარი მოწმის (ჯოლოხუა და გორგაძე) სამართალდამცავთა მხრიდან მოტაცების და მათზე ზეწოლის ფაქტები. ონიანმა ასევე ამხილა პირდაპირი კავშირი ანტიდასავლური ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერ ირმა ინაშვილსა და იუსტიციის მინისტრ წულუკიანს შორის, რომელიც პირადად ახორციელებდა ზეწოლას ერთ-ერთ მოწმეზე (მნიშვნელოვანია, რომ წულუკიანის მოწმესთან შეხვედრის შეთანხმების ფაქტი ორივემ – წულუკიანმა და ინაშვილმა დაადასტურეს). ორივე მოწმეზე აშკარა ზეწოლის ფაქტები მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს საქართველოს წამყვანმა არასამთარობო ორგანიზაციებმა.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ადვოკატ გოგა ონიანის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი დევნა გამოკვეთილად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და გამოწვეულია მისი წარმატებული საადვოკატო საქმიანობის მიუღებლობით. გამოვთქვავთ ვარაუდს, რომ პოლიტიკური ფიგურის ადვოკატის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიღებულია კრიმინალი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიერ, რომელიც არაფორმალურად კვლავაც რჩება საქართველოს მთავარ პროკურორად, რაც კანონის დარღვევაა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს პოლიტიკური ანგარიშსწორების უგუნური კამპანია და დაიწყოს საკუთარი საარჩევნო დაპირებების ასრულება – მზარდ უმუშევრობასთან და გაჭირვებასთან ბრძოლა’, – განაცხადა წიკლაურმა.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურა ბაჩო ახალაიას ადვოკატ გოგა ონიანს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი სიყალბეს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, ასევე, განზრახ უკანონო დაკავებას ედავება. საქმე ეხება პერიოდს, როდესაც ონიანს თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი