ახალი ამბები

RMG-ის თანამშრომლების შიმშილობის მეოთხე დღე

24 თებერვალი, 2014 •
RMG-ის თანამშრომლების შიმშილობის მეოთხე დღე

შიმშილობის მეოთხე დღეს, ერთ-ერთი მოშიშილე შეუძლოდ გახდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ბრმანაწლავის ოპერაცია გაუკეთეს. გაფიცვის მონაწილე მალხაზ ჟიჟიაშვილი ამბობს, რომ ექიმების განმარტებით, მოშიმშილის ჯანმრთელობის გაუარესება შიმშილობამ და კარავში ღამისთევამ გამოიწვია. 

 

მალხაზ ჟიჟიაშვილი ამბობს, რომ გაფიცვას, რომელიც 14 თებერვალს დაიწყო, დღეს RMG-ის ყველა თანამშრომელი შეუერთდა. ჟიჟიაშვილი ამბობს, რომ კომპანიამ კაზრეთში მუშაობა შეწყვიტა. 

 

ჟიჟიაშვილი ამბობს, რომ გაფიცულები შეხვდნენ RMG-ის წარმომადგენლებს. მათ წაუყენეს თავიანთი ხუთი მოთხოვნა: ხელფასების მატება, სამუშაო და სადაზღვევო პირობების გაუმჯობესება, გათავისუფლებული თანაშმრომლების აღდგენა და კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების დადება 

 

ჟიჟიაშვილის განმარტებით, კომპანია სამი მოთხოვნის შესრულებას დაპირდა, ხოლო ხელფასების მატებასა და გათავისუფლებული თანმაშრომლების აღდგენაზე უარი განაცხადა. გაფიცულები ამბობენ, რომ მათ მოთხოვნებს მეექვსე მოთხოვნა დაემატა: RMG-ის მენეჯმენტის შეცვლა. 

 

“კომპრომისზე შეიძლება წასვლა, კომიტეტმა ვისაუბრეთ ხელფასებთან დაკავშირებით, გონივრული ვადა მივცეთ ახალ მენეჯმენტს. ალბათ იქნება ეს [გონივრული ვადა] ერთი კვირა, ორი თვე. აქციები გაგრძელდება აუცილებლად. სანამ არ იქნება ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილებული და კომპრომისს არ მივაღწევთ, აუცილებლად გაგრძელდება აქციები”,- განაცხადა ჟიჟიაშვილმა.

 

“დირექციამ განაცხადა, რომ საწარმო მთლიანად დაიკეტა. ახლა გავრცელდა ეს ინფორმაცია, ჩვენმა გამგებელმა გაავრცელა, რომ კომპანიამ გაავრცელა ასეთი ინფორმაცია, რომ საწარმო მთლიანად დაიკეტა. პარალიზება მოხდა საწარმოსი,”- აცხადებს ჟიჟიაშვილი.

 

კომპანია RMG-ში ამ ინფორმაციას არ ადასტრებენ და აცხადებენ, რომ კომპანია მუშაობას აგრძელებს: 

 

“მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის საწარმო სრული დატვირთვით არ მუშაობს, ის მაინც აგრძელებს ფუნქციონირებას”.

 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, თუკი კომპანიამ მუშაობა შეწყვიტა, როგორ განვითარდება საპროტესტო აქციები, ჟიჟიაშვილი ამბობს, რომ ისინი ქვემო ქართლის გუბერნატორთან შეხვედრას ელოდებიან. 

 

ჟიჟიაშვილი ამბობს, რომ დაბა კაზრეთის მაცხოვრებლების დიდი ნაწილი გადაუხდელობის გამო უახლოეს მომავალში დენის, გაზისა და წყლის მომარაგების გარეშე დარჩება, რადგან კომპანია ხელფასს არ უხდის იმ თანამშრომლებს, რომლებიც გაფიცული არიან და ისინი კომუნალური გადასახადების გადახდას ამის გამო ვერ ახერხებენ. 

 

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ციანიდის გამოსატუტი ავზები უმეთვალყურეოდაა მიტოვებული, რაც დაბა კაზრეთს ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს, რასაც არ ადასტურებს კომპანია RMG.

 

“წარმოების არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარემოში ციანიდის გაჟონვის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ზოგადად გაჩერებული და ბლოკირებული საწარმო, რომელშიც სრულყოფილად არ მიმდინარეობს ტექნოლოგიური პროცესი გაცილებით უფრო საშიშია ეკოლოგიური თვალსაზრისით. შესაბამისად, კომპანია ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ამგვარი საფრთხე არ წარმოიქმნას”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” RMG-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი