ახალი ამბები

სააკაშვილი ევრომაიდნელებს: შეძელით ის, რაც ევროპამ და ამერიკამ ვერ შეძლო [ვიდეო]

24 თებერვალი, 2014 •
სააკაშვილი ევრომაიდნელებს: შეძელით ის, რაც ევროპამ და ამერიკამ ვერ შეძლო [ვიდეო]

გვიან ღამით მიხეილ სააკაშვილმა მეიდანზე შეკრებილ მომიტინგეებს სიტყვით მიმართა. სააკაშვილმა მათ გამარჯვება მიულცა და აღნიშნა, რომ უკრაინელებმა შექმნეს ისტორია.

 

“მას შემდეგ, რაც რეჟიმმა ამიკრძალა უკრაინაში ჩამოსვლა, ძალიან ვდარდობდი, რომ თქვენ გვერდით არ ვიდექი. მე ქედს ვიხრი თქვენი ზეციური ასეულის წინაშე. ჩვენი ვალია მათ წინაშე, რომ ყოველდღე უფრო და უფრო კარგები გავხდეთ. თქვენ დაამარცხეთ იმპერია, რომელსაც თავი დაუმარცხებელი ეგონა. თქვენ შეძელით ის, რაც ვერ შეძლო ევროპამ და ამერიკამ. ახლა მთავარია პუტინმა არ მოგპაროთ გამარჯვება, არ შეათრიოს თქვენი პოლიტიკოსები ბნელ ოთახში და არ მოისყიდოს ისინი თავისი მილიარდებით. ახლა შედეგები უნდა იყოს ბევრად მაგარი, ვიდრე 2004 წლის რევოლუციის შემდეგ. უნდა გატარდეს ისეთი ცვლილებები და რეფორმები, რომელსაც თქვენ იმსახურებთ. ამ თვეების განმავლობაში თქვენი მტრებიც და თქვენი კეთილმოსურნეებიც კი გირჩევდნენ, რომ დათანხმებოდით ბოროტებასთან კომპრომისს, მაგრამ თქვენ არავის მოუსმინეთ და მოუსმინეთ მხოლოდ თქვენს გულებს. დღეს ევროპის გული ცემს არა ბრიუსელში ან ბერლინში, არამედ აქ, კიევში და თქვენს ბედს წყვეტს არა მოსკოვი, არამედ თქვენ თვითონ. თქვენ მრავალჯერ გააოცეთ მსოფლიო ბოლო დღეებში და მოდით, კიდევ ერთხელ გავაოცოთ საბოლოოდ, შექმენით წარმატებული უკარაინა”,- განაცხადა სააკაშვილმა. 

 

ყოფილი პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლის შემდეგ სცენიდან ჩავიდა და მომიტინგეებს გაესაუბრა. მან კიევში განვითარებული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა სხოვნას პატივი მიაგო.

მასალების გადაბეჭდვის წესი