დანარჩენ, ათასობით მრევლის წევრს, რომელთა ნაწილი ჯერ კიდევ გუშინდელი ღამიდან იმყოფებოდა მცხეთაში, ხმის გამაძლიერებლებით მოუწია ლოცვებისა და გალობის მოსმენა, შემდეგ კი, სანთლის დანთება და ლოცვის წაკითხვა. მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული ქვეყნის შეიარაღებული ძალების ათასობით წარმომადგენელი ხალხის ნაკადს არეგულირებდა. სწორედ მათ ევალებოდა იმ პირების ეზოში შეშვება, ვისაც მოსაწვევი ჰქონდა.
საპატრიარქოს მიერ დარიგებული სპეციალური საშვებით შევიდნენ მთავრობის წარმომადგენლებიც, მათ შორის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მისი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
რამდენიმესაათიანი ლიტურგიის განმავლობაში იქვე, მონასტრის ეზოშივე მდებარე ბერი გაბრიელის გახსნილი საფლავიდან საშვებით შესულმა მრევლმა, მათ შორის ჯარისკაცებმა, საფლავიდან მიწა დაინაწილეს.
“ამ მიწას, სადაც მამა გაბრიელი ესვენა, მკურნალობის ძალა აქვს. სხვაგვარად არც კი შეიძლება იყოს, ის ხომ წმინდანია,”- ამბობს მრევლის წევრი.
ბერის ნეშტი დღესვე სვეტიცხოველში გადაასვენეს. პროცესიაში საქართველოს შეიარაღებული ძალები იყო ჩართული.
სვეტიცხოველში გადასვენების ცერემონიალს სახლების სახურავებიდან, აივნებიდან, შენობების კიბეებიდან და ყველა შესაძლო შემაღლებული ადგილიდან ადევნებდნენ თვალს ის მართლმადიდებლები, ვისთვისაც შეზღუდული იყო სვეტიცხოვლის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე გადაადგილებაც.
ბერი გაბრიელის ნეშტს 24 თებერვალს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ და ერთი კვირის მანძილზე მრევლს ექნება საშუალება პატივი მიაგოს მას, – აცხადებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.