თინა ხიდაშელის თქმით, პრეზიდენტის მოხსენება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მარგველაშვილის გამოსვლით ბევრ საკითხს ნათელი მოეფინა:
„აბსოლუტურად ყველა საკითხს შეეხო, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა რამდენიმე მიზეზით. პირველი იმიტომ, რომ ეს იყო ახალი პრეზიდენტის პირველი გამოსვლა საქართვეოს პარლამენტში. მეორე იმიტომ, რომ ნათელი მოეფინა ძალიან ბევრ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს ახალ საკონსტუტიციო მოდელში პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით და მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგო დღეს საქართველომ, რომ ადგილობრივი არჩევნები იქნება 15 ივნისს. ეს, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიებისთვის. მე არ მახსენდება, ასე ადრე ჰქონოდა ინფორმაცია საქართველოს ოდესმე დაგეგმილი არჩევნების შესახებ.“
თავის მხრივ, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი მოხსენება კონკრეტიკას მოკლებული და შინაარსისგან დაცლილია. ვაშაძის თქმით, საქმე ისევ ოცნებებთან გვაქვს:
“საინტერესოზე რა მოგახსენოთ. თქვენ რამე დაგამახსოვრდათ ამ გამოსვლიდან? მოსახლეობას მივმართოთ, გაიგეთ თუ არა რაიმე სიახლე? გაიგეთ თუ არა ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, გაჭირვებასთან დაკავშირებით. ისევ და ისევ ოცნებები და ზედაპირული ფრაზები, რომლის უკან არაფერი დგას. სამწუხაროდ, დღევანდელი გამოსვლა არავის უტოვებს რაიმე კონკრეტულ შინაარს, თუ რა იქნება ხვალ ქვეყანაში, როგორ გაუმჯობესდება ცხოვრება.“